ფეხბურთი

18:30 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდელთა რთული მატჩები

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ორი ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართება. დღეს ჩვენი დროით 22:00 საათზე “სევილია” მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლებს, ხოლო აღნიშნული მატჩის დასრულებისთანავე “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალისა” და “ვილიარეალის” დაპირისპირება დაიწყება.

22:00 სევილია – ატლეტიკო

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე შეხვედრა ორივე გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. “სევილია” ბოლო პერიოდში ძალიან არასტაბილურად გამოიყურება და შედეგიც სახეზეა: უნაი ემერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში “ვალენსიას” რვა ქულით ჩამორჩა და დღეს წარუმატებლობის შემთხვევაში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ. “დალაქები” ამდენივე ქულით ჩამორჩებიან მადრიდის “ატლეტიკოსაც”, რომელსაც “ვალენსია” გაუნათანაბრდა, ხოლო “ბარსელონასა” და “რეალს” ექვსი და შვიდი ქულით ჩამორჩა. ასე რომ, დღეს კლუბები მხოლოდ მოგებაზე იქნებიან თანახმა.

შუა კვირაში გუნდებმა ევროტურნირებზე გერმანიაში ითამაშეს. უნაი ემერის შეგირდებმა “მიუნხენგლადბახთან” წარმატებით ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ხოლო დიეგო სიმეონეს კრებული “ლევერკუზენთან” მინიმალურად დამარცხდა და შინ ძალიან რთული შეხვედრა ელოდებათ.

“სევილიას” ტრავმები გამო ბეტო, ასპასი და კრისტოფორო არ ეყოლება, ხოლო “როხიბლანკოს” კოკე, საული, ხოსე ხიმენესი და სიკეირა ჰყავს დაშავებული.

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია (4-2-3-1):
ს.რიკო, არიბასი, კოლოძიეჩაკი, ფიგეირაში, ტრემულინასი, კრიშოვიაკი, მ’ბია, იბორა, რეიესი, დ.სუარესი, ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი

ატლეტიკო (4-4-2):
მოია, გოდინი, მირანდა, გამესი, ხუანფრანი, ტიაგო, გაბი, რ.გარსია, თურანი, გრიზმანი, მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: კლოს გომესი

00:00 რეალი - ვილიარეალი

ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი მადრიდის “რეალი” ევროტურნირების საგზურისთვის მებრძოლ “ვილიარეალს” მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში “ბარსელონას” კვლავ ოთხი ქულით ჩამოიტოვებს.

მასპინძელების რასაკვირველია აშკარა ფავორიტები არიან. თანაც, “ვილიარეალმა” ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე ითამაშა ავსტიაში და გადაღლილია. გარდა ამისა, ვალენსიურ კლუბს ოთხშაბათს ესპანეთის თასის 1/2 ფინალში აქვს სათამაშო, სადაც მისი მეტოქე კატალონიური “ბარსელონაა” და მარსელინიო ტორალის გუნდს ფინალში სათამაშოდ ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა მართებს. აქედან გამომდინარე, სტუმრებმა შესაძლოა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშონ.

მასპინძლებს კოენტრაო, მოდრიჩი, ხამესი, ხედირა და რამოსი დააკლდებიან, ხოლო “ყვითელ წყალქვეშა ნავებს” ბრუნო სორიანო, ჯოკიჩი და დენის ჩერიშევი (“რეალის” საკუთრებაა და მის წინააღმდეგ თამაში არ შეუძლია) არ ეყოლებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3):
კასილასი, პეპე, ვარანე, მარსელო, კარვახალი, ლ.სილვა, კროოსი, ისკო, ბეილი, ბენზემა, რონალდუ.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, დორადო, ბაილი, გასპარი, ხ.კოსტა, მარკოსი, ტრიგეირასი, კემპბელი, მ.გომესი, გ.მორენო, ჯოვანი.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

თეგებილა ლიგა
0.127703