ფეხბურთი

6:29 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვის დარჩება ტიტული?

დღეს ჩვენი დროით 20:00 საათზე “უემბლიზე” ინგლისის ლიგის თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ლონდონური კლუბები: “ჩელსი” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული ტიტული კლუბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დღევანდელ შეხვედრაში უშეღავათო ბრძოლას ვიხილავთ. “ტოტენჰემი” ტიტულებით განებრივრებული ნამდვილად არაა და ბოლოს სწორედ ნახსენები თასი აღმართა 2007/2008 წლების სეზონში. მას შემდეგ “დეზებს” არაფერი მოუგიათ. ლიგის თასი უფრო დიდი ხანია არ მოუგია “ჩელსის”, რომელმაც ბოლოს 2006/2007 წლების სეზონში იზეიმა ამ ტურნირში გამარჯვება. თუმცა, ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა მეტოქის განსხვავებით, ბევრი სხვა ჯილდო მოიგეს ბოლო წლებში. ინგლისის ლიგის თასი ორივე კლუბს ოთხ-ოთხჯერ აქვთ აღმართული.

“არისტოკრატებს” ფინალამდე ერთი სერიოზული მეტოქე შეხვდათ. მათ 1/2 ფინალში “ლივერპულის” გამოდგება მოახერხეს, თუმცა იქამდე შედარებით იოლი მეტოქეები: “დერბი”, “შრიუსბერი” და “ბოლტონი” ჰყავდათ. თავის მხრივ, “დეზებმა” გათამაშებას “შეფილდ უენსდი”, “ნიუკასლი”, “ნოტინგემი” და “ბრაიტონი” გამოთიშეს.

დღევანდელი შეხვედრისთვის კლუბები საბრძოლო შემადგენლობით ემზადებიან. ერთადერთი მოთამაშე, რომელიც “ჩელსის” დააკლდება ნემანია მატიჩია, რომელიც დისკვალიფიცირებულია. “ტოტენჰემს” დანაკლისი არ აქვს.

შესანიშნავ ფორმაში არიან გუნდების საუკეთესო ბომბარდირები. ჰარი კეინს 38 შეხვედრაში 24 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე გადაცემა მითვლილი. აქედან 3 გოლი და 1 ასისტი ლიგის თასზე მოდის. დიეგო კოშტა 29 შეხვედრაში, 17 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით იწონებს თავს. აღსანიშნავია, რომ კოშტას ყველა გოლი პრემიერლიგაში აქვს გატანილი.

დიდი განსხვავებაა კლუბების საუკეთესო ასისტენტების შედეგიანობაში. მიმდინარე სეზონში სესკ ფაბრეგასმა 19-ჯერ გაატანინა გუნდელებს, ხოლო ერიკ ლამელამ 6-ჯერ.

“ჩელსის” უპირატესობა ისაა, რომ უფრო დასვენებულია, ვიდრე “ტოტენჰემი”. ხუთშაბათს მაურისიო პოჩეტინოს კლუბმა ევროპა ლიგაზე ითამაშა და ტურნირს ნაადრევად გამოემშვიდობა. “არისტოკრატებმა” კი, ჩემპიონთა ლიგაზე წინა კვირას ითამაშეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1):
კურტუა, ტერი, ზუმა, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, რამირესი, ფაბრეგასი, ვილიანი, ოსკარი, აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, დაიერი, როუზი, უოლკერი, მეისონი, ბენტალები, ლამელა, ერიკსენი, ჩადლი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: ენტონი ტეილორი

0.126606