საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მწვრთნელებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას იწყებს. ძიუდოს აკადემიის პროგრამის პრეზენტაცია ქართული ძიუდოს ხელმძღვანელმა დავით ქევხიშვილმა დღეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მოაწყო. ფედერაციის პრეზიდენტი დამსწრეთ აკადემიის მნიშვნელობასა და სწავლების თავისებურებებზე ესაუბრა.
პირველ ეტაპზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ძიუდოს აკადემიაში სწავლის შესაძლებლობა 21 ქართველ მწვრთნელს ექნება, რომლებიც ისწავლიან და გამოცდებს ჩააბარებენ ქართულ ენაზე ონლაინ რეჟიმში.
"ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მსგავსიც აქამდე არა მარტო ქართულ ძიუდოში, არამედ საერთოდ ქართულ სპორტში არ ყოფილა. მოხდება მწვრთნელებისთვის საფუძვლიანი ცოდნის მიცემა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ხუთი წლის წინ დააარსა ძიუდოს აკადემია, უნგრეთის ფიზიკური აღზრდის აკადემიასთან ერთად, სადაც ძირითადი ინფორმაციაა თავმოყრილი, თუ როგორ უნდა განავითაროს მწვრთნელმა თავისი შეგირდების შესაძლებლობები. დღეიდან ჩვენს მწვრთნელებს ამ ინფორმაციის ქართულად შესწავლის საშუალება ეძლევათ. პირველ ეტაპზე ითარგმნა პირველი კურსის მასალა და უკვე დაწყებულია, მეორე კურსის თარგმნა. სულ სამი კურსია, რომლებიც წელიწადნახევარზეა გაწერილი და დროის ამ მონაკვეთში მწვრთნელები შეისწავლიან ფუნდამენტალურ საკითხებს, როგორებიცაა სპორტული ფსიქოლოგია, ფიზიოლოგია, მეთოდოლოგია, შეჯიბრებისა და სამწვრთნელო პროცესი დაგეგმვა და განხორციელება. სპეციალისტთა უმაღლეს დონეზე მომზადება უახლოეს პერიოდშივე აისახება ქართული ძიუდოს შედეგებზე და ზოგადად, ჩვენი ძიუდოს კულტურაზე. პირველ ეტაპზე 21 მწვრთნელი იქნება ამ პროექტში ჩართული. შემოდგომაზე კიდევ 21 მწვრთნელს მიეცემა პროფესიული წინსვლის საშუალება, ხოლო ის სპეციალისტები, რომლებიც პირველ ეტაპს წარმატებით გადალახავენ, მეორე ეტაპზე გადავლენ. აქვე ერთი საინტერესო და უმნიშვნელოვანესი დეტალიც, მწვრთნელები ცოდნას აბსოლუტურად უფასოდ მიიღებენ, რადგან ამაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ იზრუნა, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად. ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში სეოკ-ი გაგვიწევს რეკომენდაციას და ეს პროექტი მთლიანად დაფინანსდება” – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.