მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა. გოჩა ტყებუჩავას გუნდის მეტოქე ამჯერადაც სლოვაკეთის შესაბამისი ასაკობრივი გუნდი გახლდათ.
“მიხეილ მესხის” სათადარიგო არენაზე გამართული შეხვედრა საინტერესო გამოდგა საბოლოოდ, ამხანაგური შედეგით - ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმი სტუმართა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. პირველივე სახიფათო იერიში ლადისლავ ჰუდეცის შეგირდებმა გოლით დააგვირგვინეს. მე-13 წუთზე მარცხენა მცველმა კამილ იასურეკმა ფლანგზე იაქტიურა და საჯარიმოში კარგი გადაცემა სამუელ დანჩაკს გაუკეთა, ვინაც ბურთი გიორგი ჩოჩიშვილის კარში ერთი შეხებით გადაგზავნა. მალევე ჩვენს სტუმრებს ანგარიშის გაორმაგება შეეძლოთ, თუმცა საჯარიმოს გარედან დანიელ დუბეკის დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა ქართველთა კარს. პირველი ტაიმის ბოლო სახიფათო ეპიზოდიც სლოვაკებმა შექმნეს. 31-ე წუთზე პეტერ კოლეშარმა მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოუვიდა და ჩოჩიშვილი ბურთს ადვილად დაეუფლა.
თუ პირველი 45 წუთი სტუმრებისა იყო, განსხვავებულად წარიმართა მეორე ტაიმი. ტყებუჩავას მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და ქართველმა ფეხბურთელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს. 49-ე წუთზე თორნიკე ჭურაძე საჯარიმოში კარგად შევიდა, თუმცა მის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი სლოვაკთა კარის დარაჯმა სამუელ ვავრუსმა კუთხურზე მოიგერია. ხუთი წუთის შემდგომ კი მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს. გატანილი გოლი კი ძალზე ლამაზი გამოვიდა. ცენტრალურმა ნახევარმცველმა ბექა ნიკოლაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ლამაზი გოლით სტადიონზე შეკრებილი მცირერიცხოვანი ქომაგი გაახარა. დარჩენილ დროში გუნდებმა სახიფათო ეპიზოდები გაცვალეს. 78-ე წუთზე ლუბომირ ტუპტამ ორი ფეხბურთელი მოატყუა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი გახდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლის გატანა “ჯვაროსნებსაც” შეეძლოთ. რატი არდაზიშვილმა საჯარიმოს გარეთ მოხდენილად ითამაშა და დარტყმაც მოახერხა, თუმცა ქართველთა სამწუხაროდ ბურთი მხოლოდ ზემოდან გადაევლო სლოვაკების კარს და შეხვედრაც საყაიმო ანგარიშით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის 17-წლამდე გუნდებმა ორი დღის წინაც ისპარინგეს და მაშინ მინიმალური ანგარიშით გამარჯვება ქართველ ახალგაზრდებს დარჩათ.
გოჩა ტყებუჩავას გუნდი 3 მარტს გერმანიაში მორიგ შეკრებაზე გაემგზავრება და ელიტ რაუნდისთვის მზადებას დაასრულებს.
საქართველო – სლოვაკეთი 1:1 (0:1)
თბილისი, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი
საქართველო: ჩოჩიშვილი; ჭურაძე (ვირუბოვი 56), ბულუხაძე, კობაური, კუხიანიძე (ასათიანი 23); სამურკასოვი, ნიკოლაშვილი; არაბიძე (ლეჟავა 65), არველაძე (არდაზიშვილი 43), კოხრეიძე (მალაზონია 45); ბუღრიძე (მუზაშვილი 57)
მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა
სლოვაკეთი: ვავრუსი; შულეკი, სტრბა, სუშოლიკი, იაშურეკი; დანჩაკი (პაშტორეკი 62), ვარგა (შიჰკო 70); ტეშლარი, კოლეშარი (ტუპტა 41), კელე (ლავკო 41); დუბეკი (ჰერცი 57)
მწვრთნელი: ლადისლავ ჰუდეცი
გოლები: 0:1 დანჩაკი (13), 1:1 ნიკოლაშვილი (54)
მსაჯი: ბაკურ ნინუა