კალათბურთი

12:04 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ფხაკაძე: “ყველამ საუკეთესო თვისებები უნდა წარმოაჩინოს და ნაკრები კარგ შედეგს აჩვენებს”

წელს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად აიღებს სტარტს კონტინენტის პირველობა კალათბურთში, რომელშიც ზედიზედ მესამედ ჩაერთვება საქართველოს ნაკრები. წინა ორ გამოსვლაზე ქართველ კალათბურთელებს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ, 2011 წელს ლიტვაში საუკეთესო გუნდს შორისაც კი შეძლეს მოხვედრა, ხოლო 2013 წელს რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნის მიუხედავად იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა დასამახსოვრებელი დუელების ჩატარება მაინც მოახერხეს. ბუნებრივია, მომავალი პირველობისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტორი, თუ რა ფორმაში იქნებიან ნაკრების წევრები. ჩვენ შევეხმიანეთ აშშ-ში საუნივერსიტეტო ლიგაში მოთამაშე ნაკრების ერთ-ერთ გამთამაშებელს ოთარ ფხაკაძეს, რომელმაც მიმდინარე ლიგის დაწყების წინ გუნდი გამოიცვალა. ყველა ამ საკითხზე და ნაკრების შესახებ კითხვებს ეროვნული გუნდის ახალგაზრდა წევრი პასუხობს:

- ოთარ, თავიდან დავიწყოთ, როგორ მოხვდი “ლანგსტონ უნივერსიტეტში”?

- წინა სეზონი “ლიბერტი-კრისტიანში” გავატარე. მიმდინარე სეზონში კლუბის გამოცვლა მსურდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი და გუნდის მწვრთნელის ინტერესები აშკარად სხვადასხვა გახლდათ. ამ დროს სურვილი “ლანგსტონმა”. გუნდის მთავარ მწვრთნელთან გასაუბრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ აქ მეთამაშა.

- რამდენი ხნით უნდა დარჩე ახალ გუნდში?

- უკვე სამი წელია უნივერსიტეტში ვსწავლობ, საუნივერსიტეტო დონეზე კი მეორე წელია ვთამაშობ. კიდევ 2 წელიწადი შემიძლია თამაში ამ დონეზე. “ლანგსტონში” კი სეზონის ბოლომდე ვიქნები, მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

-სხვა გუნდების მხრიდან თუ იყო შენს მიმართ ინტერესი?

- რამდენიმე უნივერსიტეტის კლუბიდან იყო წინადადებები, მაგრამ “ლანგსტონმა” ყველაზე უკეთესი პირობები შემომთავაზა და მეც აქაურობა ვამჯობინე.

-ახალი გუნდის მწვრთნელები და თანაგუნდელები როგორ შეგვხდნენ და რა განსხვავებაა წინა კლუბებთან შედარებით?

- ძალიან მეგობრული კოლექტივია. გაცილებით შეკრული და ერთი მიზნისკენ მსწრაფველი ადამიანების ერთობაა, რომელშიც თავს ყველა კალათბურთელი კომფორტულად გრძნობს. მწვრთნელებიც ძალზე ყურადღებიანები არიან, გვეხმარებიან მაქსიმალურად დავხვეწოთ ის საკალათბურთო ელემენტები, რომლებიც ჩვენს პროფესიულ ზრდას ხელს შეუწყობს.

-ჩემპიონატში, “ლანგსტონის” საქმეები როგორ მიდის და რა პოზიციაზე გათამაშებენ?

-ჩვენს კონფერენციაში ამ მომენტისთვის 10 მოგება და 8 მარცხი გვაქვს და მეექვსე ადგილზე ვართ. ბოლო მატჩებია ტრავმების გამო რამდენიმე კალათბურთელი დაგვაკლდა და ეს შედეგზეც აისახა. თუმცა, ამის მიუხედავად, პლეი ოფში გასვლის კარგ შანსს მაინც ვინარჩუნებთ. ძირითადად გამთამაშებლის პოზიციაზე ვარ.

- გუნდში ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა გაქვს გაკეთებული. ოკეანესგაღმა გადასვლის შემდეგ კიდევ რა კომპონენტში გრძნობ პროგრესს?

- მთლიანობაში უკეთეს სტატისტიკურ მაჩვენებლებს ვისურვებდი, მაგრამ ტრავმებმა მეც შემაწუხა და რამდენიმე მატჩის გაცდენა მომიწია. შესაბამისად, შევეცდები მომავალში მაჩვენებლები გავაუმჯებესო. პასებს რაც შეეხება, გუნდში ორი გამთამაშებელი ვართ. ჩემი კონკურენტი წელს ასრულებს საუნივერსიტეტო ლიგაში თამაშს. სათამაშო დრო გადანაწილებული გვაქვს. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ამერიკაში გადასვლის შემდეგ ფიზიკური კონდიციები საგრძნობლად გავიუმჯობესე. აქ დაცვაში თამაშს დიდ ყურადღებას უთმობენ და ამ კუთხითაცაა წინსვლა. ბუნებრივია, შეტევაშიც მოვუმატე, რადგანაც აქ ყოვემხრივ მიდის მუშაობა, რათა კალათბურთელმა საკუთარი შესაძლებლობები გააუმჯობესოს.

-ტრავმები ახსენე, რაიმე სერიოზულ ხომ არაა?

- არა, ერთ-ერთი თამაშისას ფეხი ვიტკინე და იძულებული ვიყავი რამდენიმე მატჩი გამეცდინა. ახლა ყველაფერი კარგადაა.

-თქვენს ლიგაში სეზონი როდემდე გრძელდება?

- რეგულარული სეზონი მარტის ბოლოს სრულდება. მერე პლეი ოფი დაიწყება. უკვე წინასწარ ვიცი, რომ 17 მაისს ყველაფერი დასრულებული იქნება და საქართველოში ჩამოვალ.

- ეროვნული ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვი თუ გეხმიანება?

- კოკოშკოვთან ხშირად ვურთიერთობ. ხშირად ვსაუბრობთ ეროვნულ ნაკრებზე, ევროპის ჩემპიონატზე და მიმდინარე სეზონზე. რეგულარულად ეცნობა აქ მოთამაშე კალათბურთელების სტატისტიკურ მაჩვენებლებს.

-ეროვნულ ნაკრებში საკუთარ შანსზე რას იტყვი?

- ჩვენს ნაკრებში გამთამაშებლის პოზიციაზე უდიდეს კონკურენციაა. ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ზედიზედ მესამე წლის განმავლობაში მოვხვდე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში და ნაკრებს გამოვადგე.

-საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეებზე რას იტყვი?

- კონტინენტის პირველობაზე სუსტი გუნდები არ გადიან. ხორვატიის, ბოსნიის, სლოვენიის და მაკედონიის ნაკრებები მაღალი დონის კალათბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი, რომელთა დიდი ნაწილი ევროპის და ამერიკის ეროვნული ასოციაციის წამყვან კლუბებში თამაშობენ. კარგი გუნდი იქნება ჰოლანდიაც, რომელმაც ჩემპიონატზე თამაშის პატივი დაიმსახურა. ჩვენ უნდა ვეცადოთ საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ ჩემპიონატს და საუკეთესო თვისებები სრულად წარმოვაჩინოთ. შესაბამისად შედეგიც კარგი გვექნება.

-საუნივერსიტეტო ლიგაში თამაშს რომ მორჩები, რა გეგმები გაქვს?

-მანამდე დრო საკმაოა, თუმცა დიდი სურვილი მაქვს კარიერა ევროპაში განვაგრძო.

-ბოლოს მინდა გკითხო ეროვნულ საკალათბურთო ლიგაზეც. რომელი გუნდის თამაშის გამორჩევა შეგიძლია და კონკრეტულად რომელ კალათბურთელს გამოჰყოფდი?

- წელს მართლაც განსაკუთრებული ჩემპიონატია და ბევრი კარგი გუნდია. საუკეთესო თამაშს გვაჩვენებს “გოლდენ სტეიტი”, რომლის წევრები ფანტასტიკურად მოქმედებენ. აუციელბლად უნდა გამოვყო რასელ უესტბრუკის საოცარი თამაშიც, რომელიც ხშირად არაბუნებრივ რაღაცებს აკეთებს და კარისთან ერთად ამ მომენტისათვის ერთ-ერთი საუკეთესოა.

0.121634