ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა თბილისში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გრანპრის ტურნირი, რომელსაც სასტუმრო "ქორთიართ მერიოტი" მასპინძლობს.
ტურნირის ერთადერთი ქართველი მონაწილე ბაადურ ჯობავა ამჯერად თეთრებით მაქსიმ ვაშიე-ლაგრავის ეთამაშებოდა. ბოლო ოთხი ტურიდან აღებული 3,5 ქულის შემდეგ გულშემატკივრები ქართველი მოჭადრაკისაგან მორიგ გამარჯვებას, მინიმუმ 0,5 ქულას ელოდნენ. მართალია ვაშიე-ლაგრავი აღნიშნულ ტურნირზე სუსტად გამოდის და აუტსაიდერთა შორის იმყოფება, მაგრამ მისი რეიტინგი 2775 ქულაა და მიმდინარე ტურნირზე მესამე ნომრადაა განთესილი. რაც შეეხება ჯობავას, ამ შემადგენლობაში ყველაზე დაბალი 2696 რეიტინგი აქვს და მეთორმეტეა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯობავას სერიოზული მეტოქე ჰყავდა. ერთ-ერთ მომენტში ქართველმა მოჭადრაკემ ზედმეტი პაიკი მოიპოვა, მაგრამ შემდეგ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ახლა ფრანგ მოჭადრაკეს აღმოაჩნდა ორი ზედმეტი პაიკი. ჯობავასაგან განსხვავებით ვაშიე-ლაგრავმა შეძლო უპირატესობის ბოლომდე მიყვანა და უაღრესად მნიშვნელობანი გამარჯვება მოიპოვა.
ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ტურნირის ერთპიროვნულმა ლიდერმა ევგენი ტომაშევსკიმ (რუსეთი), რომელმაც უზბეკეთის წარმომადგენელი რუსტამ კასიმჯანოვი დაამარცხა. ასპარეზობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ტომაშევსკი უახლოეს მდევარ თანამემამულე დმიტრი იაკოვენკოს 1,5 ქულით უსწრებს და შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს.
მეცხრე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
ბაადურ ჯობავა (საქართველო) - მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0-1
დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - თეიმურ რაჯაბოვი (სომხეთი) 0,5-0,5
ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) - რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი) 1-0
დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) - პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 0,5-0,5
ალექსანდრე გრიშჩუკი (რუსეთი) - ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა) 0,5-0,5
შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) - ანიშ გირი (ჰოლანდია) 0,5-0,5
სატურნირო მდგომარეობა ცხრა ტურის შემდეგ
I ტომაშევსკი 7 ქულა
II იაკოვენკო 5,5
III რაჯაბოვი 5
IV-VII კასიმჯანოვი, მამედიაროვი, გირი, დომინგესი 4,5-4,5
VIII-X ჯობავა, გრიშჩუკი, ვაშიე-ლაგრავი, 4
XI სვიდლერი 3,5
XII ანდრეიკინი 3
მეათე ტურის შეხვედრათა განრიგი
კასიმჯანოვი - ჯობავა
რაჯაბოვი - გირი
დომინგესი - მამედიაროვი
სვიდლერი - გრიშჩუკი
ვაშიე-ლაგრავი - იაკოვენკო
ანდრეიკინი - ტომაშევსკი