საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპს ზურაბ ბერიძის “ვიტ ჯორჯია” მარტვილის “მერანთან” მატჩით შეხვდა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.
გასულ ოთხშაბათს სათასო დაპირისპირებაში მცხეთურმა კლუბმა, ქართული საკლუბო ფეხბურთის დონიდან გამომდინარე, ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. “ვიტ ჯორჯიამ” მოსამზადებელი ეტაპი მცხეთაში გაიარა, ფინანსურად ძლიერი ქართული კლუბებისგან განსხვავებით თურქეთში არ ყოფილა, თუმცა უკვე მეორე ოფიციალური მატჩია, დალაგებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით შეტევაში. გუნდის ტექნიკურ და სწრაფ შემტევებს ორი ოფიციალური მატჩის შემდეგ 7 გატანილი გოლი დაუგროვდათ.
“ვიტ ჯორჯიას” მოთამაშეთა უმრავლესობა ახალგაზრდაა, “მერანს” კი ამ მხრივ უფრო დაბალანსებული გუნდი ჰყავს. დღევანდელ შეხვედრაში ვლადიმერ ლობასის გუნდში რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა ითამაშა. ესენი არიან “დინამო თბილისის” ყოფილი ფეხბურთელები სერგი ორბელაძე და მეკარე ზურაბ მამალაძე, ასევე ყოფილი ზესტაფონელები საბა ლომია და ნოდარ კიკნაველიძე.
მატჩი სტუმრების აქტიურობით დაიწყო. რამდენიმე ეპიზოდში მახვილგონივრული პასი გააკეთა 19 წლის ვაჟა ქიქავამ, რომელიც კარგად ახერხება ბურთის მიღებას, დამუშავებასა და მოედნის ხედვითაც გამოირჩეოდა თანაგუნდელებისგან, თუმცა გარკვეულ ეპიზოდებში პასიურობდა და თამაშის თავის თავზე აღებას ერიდებოდა. “მერანის” 13 ნომერმა მიმდინარე სეზონი დინამო-2-ის შემადგენლობაში დაიწყო, მისი გაუქმების შემდეგ კი “მერანს” შეუერთდა.
შეტევაში რამდენჯერმე აქტიურად ჩაერთო ნოდარ კიკნაველიძე. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, რამდენიმე ეპიზოდში ფლანგზე სწრაფად გაიქცა და თავის პოზიციაზე დაბრუნებაც დროულად მოახერხა.
პირველ ტაიმში “მერანი” მეტოქესთან შედარებით გააზრებულად უტევდა, ბურთის ფლობა კი “ვიტ ჯორჯიას” სასარგებლოდ იყო. ზურაბ ბერიძის ფეხბურთელები ქაოტურად უტევდნენ, თამაშის ხარისხის გამოსწორება კი მეორე ტაიმში მოახერხეს. მატჩის ყურებისას ყველაზე თვალშისაცემი, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში ის იყო, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელებს უჭირდათ ბურთის გაჩერება და ზუსტი პასის შესრულება, ამიტომაც ბურთი მოედნის ცენტრში აქეთ-იქით გორაობდა.
პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი ჯონი შეროზიას კარში გავიდა: 34-ე წუთზე მოედნის ცენტრთან ახლოს მყოფმა წურწუმიამ მარჯვენა ფლანგზე კარგი პასი გააკეთა, რაც საბოლოოდ კუთხურით დასრულდა. კუთხურს წურწუმიას დარტყმა მოჰყვა, საჰაერო ორთბარძოლაში “მერანის” შემტევმა ყველას აჯობა და მეკარისაგან შორეულ კუთხეში გაიტანა.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა უკეთ დაიწყეს, რაც შემდგომ ანგარიშშიც აისახა. დღევანდელ მატჩში ვანო კურდღელაშვილმა, რომელმაც გასულ ოთხშაბათს “ცხინვალთან” შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა, “მერანთან” დუბლი შეასრულა და ორივე შემთხევაში თავით გაიტანა. ვანო კურდღელაშვილი ტანდაბალი ფეხბურთელია, ამიტომ მისი დადებითი თვისება მიწაზე დაშვებული ბურთით თამაშია, თუმცა “მერანის” გაცილებით მაღალ მცველებს ოთხწუთიან მონაკვეთში ორჯერ მოუგო საჰაერო ბრძოლა, ზურაბ მამალაძე კი ორივე შემთხვევაში უძლური აღმოჩნდა.
64-ე წუთზე კურდღელაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, 67-ე წუთზე კი წინ გაიყვანა “ვიტ ჯორჯია.”
“ვიტ ჯორჯიას” გოლებს “მერანის” გააქტიურება მოჰყვა. ნოდარ კიკნაველიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მარცხენა ფეხით კარგად დაატრიალა ბურთი, თუმცა სიზუსტე დააკლდა.
ერთ ეპიზოდში ვანო კურდღელაშვილს მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა “ვიტ ჯორჯიას” ცენტრფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე, თუმცა “მერანის” მცველებმა ბურთის ჩაჭრა მოახერხეს.
84-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა დავით პეტავამ, რომელიც რამდენიმე ფეხბურთელს გაცდა, ბურთი ცენტრისკენ წაიღო და მარცხენა ფლანგზე გადაიტანა, “მერანმა” შეტევა გაამწვავა და სტუმარმა მოთამაშეებმა ბურთი კვლავ მარჯვენა ფლანგზე გადაიტანეს, რასაც მოჰყვა ჩაწოდება, იქ მყოფმა აკაკი წყაროზიამ კი აკრობატული დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაუტანა შეროზიას. წყაროზიას “მაკრატელამ” სტუმარი გუნდის გულშემატკივრები გაახარა და “მერანის” შეტევებს ახალი ბიძგი მისცა. ამ მომენტისთვის ლობასის გუნდმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მატჩის დარჩენილ დროში რეალური საგოლე მომენტი აღარ შექმნილა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
16 ტურის შემდეგ “მერანი” 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს,13 ქულით მე-16 ადგილზეა “ვიტ ჯორჯია”. შემდეგ ტურში “მერანი” “ცხინვალს” მასპინძლობს, “ვიტ ჯორჯიას” საშინაო მეტოქე კი “სამტრედია” იქნება. ეა შეხვედრები 1 მარტს გაიმართება.
ვიტ ჯორჯია – მერანი 2:2 (0:1)
22 თებერვალი. მცხეთა. “მცხეთა პარკი”
ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, დანელია, დავლაშელიძე (ღიბრაძე 18), გახარია, კურდღელაშვილი, დემეტრაშვილი (გიორგაძე 75), კახაბრიშვილი (ხვისტანი 61), ლობჯანიძე
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
მერანი: მამალაძე, ირაკლი ციცხვაია, ორბელაძე, ლომაშვილი, კიკნაველიძე, ქიქავა, წყაროზია, ფონიავა (დავით ციცხვაია 73), შულაია, წურწუმია (პეტავა 68), ლომია (კუშნირი 73)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი
გოლები: 0:1 წურწუმია (34), 1:1, 2:1 კურდღელაშვილი (64,67), 2:2 წყაროზია (84)
მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი (ქუთაისი)
გაფრთხილება: ღიბრაძე (37), თათხაშვილი (43), წურწუმია (48), ციცხვაია (69)
XVI ტური
21 თებერვალი, შაბათი
გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 1:0 (0:0)
ზუგდიდი – შუქურა (ქობულეთი) 1:0 (0:0)
22 თებერვალი, კვირა
დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)
სამტრედია-დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)
ცხინვალი-დილა (გორი) 0:1 (0:0)
ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)
ტორპედო (ქუთაისი) – კოლხეთი (ფოთი)
ქუთაისი. ცენტრალური. 19:00
1. | დინამო თბ. | 16 | 10 | 2 | 4 | 27:13 | 32 | |
2. | დილა | 16 | 9 | 4 | 3 | 23:13 | 31 | |
3. | დინამო ბთ. | 16 | 8 | 3 | 5 | 19:14 | 27 | |
4. | სამტრედია | 16 | 7 | 4 | 5 | 17:12 | 25 | |
5. | ჩიხურა | 16 | 7 | 4 | 5 | 19:17 | 25 | |
6. | ცხინვალი | 16 | 7 | 3 | 6 | 15:22 | 24 | |
7. | მეტალურგი | 16 | 6 | 5 | 5 | 19:17 | 23 | |
8. | გურია | 16 | 5 | 7 | 4 | 17:23 | 22 | |
9. | მერანი | 16 | 5 | 6 | 5 | 13:12 | 21 | |
10. | ზესტაფონი | 16 | 4 | 7 | 5 | 29:23 | 19 | |
11. | შუქურა | 16 | 4 | 6 | 6 | 14:18 | 18 | |
12. | კოლხეთი | 15 | 4 | 5 | 6 | 13:17 | 17 | |
13. | ტორპედო | 15 | 3 | 7 | 5 | 17:18 | 16 | |
14. | ზუგდიდი | 16 | 3 | 6 | 7 | 9:17 | 15 | |
15. | სიონი | 16 | 3 | 5 | 8 | 12:21 | 14 | |
16. | ვიტ ჯორჯია | 16 | 3 | 4 | 9 | 16:22 | 13 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
8- ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.