ბლოგი

11:36 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიახ, ”სან კრისტოვაო” ჯერ კიდევ ცოცხალია!

”სან კრისტოვაო”, შენ ისევ ცოცხალი ხარ?” – ესაა ერთ-ერთი ნოველა იგორ ფესუნენკოს დიდებული წიგნიდან, “პელე, გარინჩა, ფეხბურთი”. მე თუ მკითხავთ, ეს წიგნი და დასახელებული ნოველა არის საუკეთესო, რაც ფეხბურთზე დაწერილა და ქართულ ენაზე თარგმნილა.

სამწუხაროდ, ქართული მთარგმნელობითი სკოლა დღეს ვერაა მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი ქომაგები ნაკლებად ეცნობიან თანამედროვე სპორტული თემატიკის წიგნებს დროულად. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დრო გადის და შეხედულებები იცვლება, მე მაინც ღრმად მწამს, რომ ”სან კრისტოვაო”, შენ ჯერ ისევ ცოცხალი ხარ?” საუკეთესო სპორტული თემატიკის ტექსტია და ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ეს შესანიშნავი წიგნი გადაფურცლილი, გირჩევთ, რომ აუცილებლად წაიკითხოთ და ჩაწვდეთ ფეხბურთის იმ ჭეშმარიტ სულსა და გულს, რაც ბრაზილიაში და საერთოდ, ლათინურ ამერიკაში ფეთქავს.

ამ წიგნის გამოცემიდან აგერ უკვე 40 წელი გავიდა და პატარა ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, ”სან კრისტოვაოს” ბედი ალბათ ბრაზილიაშიც კი ცოტა ვინმეს თუ აინტერესებდა და ჭეშმარიტად დიდი სასწაული აღმოჩნდა – თურმე ”სან კრისტოვაო” ჯერ კიდევ ფეთქავს! არავინ იცის, როგორ მოხდა ეს დიდი სასწაული, მაგრამ ამ უსასოო და ბეჩავ კლუბს საოცარი ქომაგებისა და ჭეშმარიტად ბრაზილიური საფეხბურთო ერთგულების წყალობით წარმოუდგენელი სიცოცხლისუნარიანობა გამოუვლენია, დღესაც არსებობს - ბრაზილიის ერთ-ერთ უდაბლეს ლიგაში ჯერ კიდევ აგორებენ ბურთს საჭმლის ფულის გამორჩენის იმედად მინდორზე ოფლისმღვრელი მეტისები და კრეოლები, შავები და თეთრები...

ამ ციცქნა კლუბში მოთამაშე ბიჭებს კვლავინდებულად საერთო ბედი, ან უფრო ზუსტად საერთო უიღბლობა აკავშირებთ და როგორც ფესუნენკო წერს, მათ უმეტესობას უბრალოდ არ გაუმართლათ, და ვერ მოხვდნენ სხვა კლუბებში, სადაც ხელფასიც ექნებოდათ, კარგი სახლიც და ძვირადღირებული ავტომობილიც. ეს ბიჭები რასაკვირველია, ვერ არიან იმ დონისა და შეძლების, დიდ-დიდ ტიტულებს რომ წაეპოტინონ, მაგრამ სწორედ ისინი უნარჩუნებენ ისტორიას ამ პატარა და საოცარ კლუბს, რომელიც იგორ ფესუნენკოს მეოხებითა და გამოისობით, ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელს ტერიტორიაზე ყველა გულშემატკივარს ასე ძალიან გვიყვარს. ჩვენ მუდამ გვახსოვს მათი გაჭირვება.

რატომ არის, რომ ადამიანებს თანამედროვე ეპოქაში ხშირად ყველაზე მეტად უბრალოება და ნაკლები ბრჭყვიალება იზიდავთ? ამის მიზეზი ალბათ ის მუდმივი სიბრჭყვიალეა, რასაც ჩვენს ირგვლივ, ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალებზე აკრული განცხადებები და ტელერეკლამები გვატენიან თავში. რეკლამებზე, როგორც წესი, გამოსახულნი არიან ლამაზ-ლამაზი გოგონები და ვაჟები, რომლების დიდის სიამითა და ნეტარებით სვამენ წვენებს, ჭამენ ათასგვარ უცნაურობებს, აღმუვლებენ სხვადასხვა ელექტროსაქონელს და ჩვენს მოგვიწოდებენ, რომ კეთილი ვინებოთ და ეს ყველაფერი შევიძინოთ.

ამ ყველაფერის შემხედვარეებს ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენს გვერდით არსებობს გაჭირვება, სიღატაკე, უსასოობა და “სან კრისტოვაოსთანა” საბრალო კლუბები, რომლებიც რაღაც სასწაულით ჯერ ისევ არსებობენ და ეს პატარა-პატარა სასწაულები უპირისპირდება სწორედ იმ ყალბ სიბრჭყვიალეს, რაც, ალბათ დამეთანხმებით, ყველას ყელში გვაქვს ამოსული.

მით უმეტეს, რომ ჩვენ ქართველები ვართ და ბრაზილიელებზე არანაკლებად ვიცით თუ რასშნავს უფულო, გაჭირვებული საფეხბურთო კლუბები და რაოდენ დიდი ფასი აქვს ასეთი კლუბებისათვის ერთგულ ქომაგებს.

ჩვენს ხელში “დაულევია სული არაერთ ქართულ გუნდს. “სან კრისტოვაო” კი, ჰოი საკვირველებავ - კვლავ ცოცხალია!

როგორც ჩანს, წმინდა კრისტოფი მათ მართლაც მფარველობს!

0.110672