ფეხბურთი

19:30 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

საინტერესო ფაქტები ევროპის ლიგიდან

უეფას ევროპის ლიგაზე ხუთშაბათს პირველი 1/16 ფინალური შეხვედრები გაიმართა. ჩატარებულ 16 მატჩში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

ჯონათან სორიანო

ავსტრიული "ზალცბურგის" თავდამსხმელმა ჯონათან სორიანომ "ვილიარეალის" კარში გატანილი თერთმეტრიანით ევროპის ლიგაზე მე-14 გოლი მიითვალა. ეს კი ამ ტურნირის ისტორიაში მესამე შედეგია. იგივე რაოდენობის გოლები აქვთ გატანილი იტალიელ ჯუზეპე როსისა და ესპანელ ფერნანდო ლორენტეს. ხსენებულ ფეხბურთელებს მხოლოდ ოსკარ კარდოზო (20 გოლი) და რადამელ ფალკაო სჯაბნიან (30 გოლი).

რომელუ ლუკაკუ

ლივერპულის "ევერტონის" ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ ბერნის "იანგ ბოიზს" ჰეთ-თრიქი 35 წუთში შეუსრულა. ასეთი დრო კი ევროპის ლიგის ისტორიაში მეათე შედეგია.

იმავე ლუკაკუს ჰეთ-თრიქი ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონში მეთერთმეტეა. აქამდე საუკეთესო მაჩვენებლი ერთ სეზონში შესრულებული 8 ჰეთ-თრიქი იყო (2010-2011).

"ნაპოლი"

იტალიურმა "ნაპოლიმ" "ტრაბზონსპორის" 4:0 განადგურებით ორი რეკორდი დაამყარა. პირველი ის, რომ გახდა გუნდი, რომელმაც გათამაშების ამ ეტაპზე სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო. იგივე შედეგი 2010-2011 წლების სეზონში "ლევერკუზენმა" აჩვენა, როცა ხარკოვის "მეტალისტი" გაანადგურა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, იმავე "მეტალისტმა" "ზალცბურგს" იგივე სხვაობით აჯობა. მეორე რეკორდი კი შემდეგში მდგომარეობს – შვიდ სხვადასხვა გუნდთან ერთად "ნაპოლი" გახდა მერვე გუნდი, რომელსაც ევროპის ლიგაზე ზედიზედ 4 მატჩში გოლი არ გაუშვია.

"ფიორენტინა"

ფლორენციის "ფიორენტინამ" ევროპის ლიგაზე ზედიზედ მეცხრე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა. "იებს" ბოლო ორ გათამაშებაში სტუმრად საერთოდ არ წაუგიათ.

"დინამო" (კიევი)

კიევის "დინამოს" ფრანგულ "გინგამთან" ორი ფეხბურთელი გაუძევეს. ამის ხარჯზე კი უკრაინული გუნდი გაუთანაბრდა "ვალენსიას", "სტიაუას" და "სპორტინგს" - ამ გუნდებს ევროპის ლიგაზე ყველაზე მეტჯერ, რვაჯერ მიუღიათ წითელი ბარათი.

ანდრე ვილაშ-ბოაში

ანდრე ვილაშ-ბოაში გახდა მეხუთე მწვრთნელი ევროპის ლიგის ისტორიაში, რომელსაც ხსენებულ ტურნირზე სამი გუნდი გაუწვრთნია. პორტუგალიელი "პორტუს", "ტოტენჰემს" და "ზენიტს" ხელმძღვანელობდა. იგი ამ მაჩვენებლით ჰუუბ სტევენს, რაფელ ბენიტესს, ხუან კარლოს გარიდოს და ერნესტო ვალვერდეს შეურთდა.

ალექსანდრ შოვკოვსკი

კიევის "დინამოს" მეკარე ალექსანდრ შოვკოვსკი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირზე 40 წელს გადაცილებულმა ითამაშა. "გინგამის" წინააღმდეგ მატჩისას იგი 40 წლისა და 48 დღის იყო. ამ მხრივ მთლიანი რეკორდი კი ამერიკელ ბრედ ფრიდელს ეკუთვნის. ფრიდელმა ევროპის ლიგაზე 42 წლისამ და 173 დღისამ ითამაშა.

0.11662