ფეხბურთი

7:03 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გალისია ყურადღების ცენტრში

იშვიათია, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატში ტური იმართება და ცენტრალურ შეხვედრად მიიჩნევა ისეთი მატჩი, რომელშიც არ მონაწილეობენ: “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო” ან “ვალენსია”. სწორედ ეს იშვიათი შემთხვევაა დღეს. ჩვენი დროით ნაშუაღამევს “რიასორზე” გალისიური დერბი გაიმართება, რომელიც ესპანეთის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირებაა: ლა კორუნიის “დეპორტივო” ვიგოს “სელტას” წინააღმდეგ.

დღის პირველი შეხვედრა “ნოუ კამპზე” შედგება, სადაც “ბარსელონა” ანდალუსიურ “მალაგას” მიიღებს. ნახსენებ მხარეს ეწვევა “ვალენსია”, რომელიც “კორდობას” დაუპირისპირდება, ხოლო მადრიდის “ატლეტიკო” “ალმერიას” უმასპინძლებს.

19:00 ბარსელონა – მალაგა


ლა ლიგის 24-ე ტურის მეორე სათამაშო დღე ბარსელონაში იხსნება. ამავე დასახელების მქონე კლუბი შესანიშნავ ფორმაშია და ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 11 გამარჯვება დაუგროვდა. კატალონიელებმა ბოლოს 5 იანვარს წააგეს “სოსიედადთან” (0:1) და მას შემდეგ ქულები აღარ დაუკარგავთ, რაც სატურნირო ცხრილშიც აისახა. “ბლაუგრანამ” მესამე ადგილოსან “ატლეტიკოს” ექვსი ქულით გაასწრო, ხოლო ლიდერ “რეალს” მხოლოდ ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, კლუბი ესპანეთის თასის 1/2 ფინალშია გასული და ცალი ფეხი ფინალურ ეტაპზე აქვს (1/2 ფინალის პირველ მატჩში “ვილიარეალი” 3:1 დაამარცხეს). “ბარსელონას” შუა კვირას უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე და დღეს ეცდებიან, რომ შეძლებისდაგვარად ძალების დაზოგვით მოახერხონ მეტოქის დამარცხება. გამორიცხული არც ისაა, რომ ლუის ენრიკემ რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცეს. კატალონიელთა ლაზარეთში კვლავ ვერმაელენი და დუგლასი რჩებიან.

“მალაგა” მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს, თუმცა ბოლო პერიოდში ხავი გრასიას გუნდმა საგრძნობლად მოუკლო და ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა. “მედუზებს” მიმდინარე წელს გასვლაზე არ მოუგიათ. სამი მატჩიდან ანდალუსიელებმა ორი დათმეს,ხოლო ერთი ფრედ დასრულდა. გასულ ტურში “მალაგა” “ლა როსალედაზე” მეორე კატალონიურ კლუბს “ესპანიოლს” შეხვდა და ორბურთიანი სხვაობით წააგო. მათ დისკვალიფიკაციის გამო კამაჩო და ამრაბატი არ ეყოლებათ.

კლუბების პირველი წრის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3):
ბრავო, მატიე, პიკე, ალბა, ალვეში, რაფინია, მასკერანო, ინიესტა, ნეიმარი, მესი,სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, ბოკა, როსალესი, დარდერი, რესიო, ხუანმი, სამუელი, კასტილიეხო, გერა.
მწვრთნელი: ხავი გრასია

მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

21:00 კორდობა – ვალენსია

მიროსლავ ჯუკიჩის მოსვლის შემდგომ “კორდობამ” აშკარად მოუმატა, თუმცა ბოლო ოთხი მატჩი ზედიზედ წააგო და კვლავ ბოლო ადგილამდე დაქვეითდა. უნდა ითქვას, რომ ანდალუსიელებს საკმაოდ რთული მატჩების ჩატარება მოუწიათ. განვილილ ოთხ მატჩში ისინი მადრიდის “რეალსა” (რომელთანაც მხოლოდ 89-ე წუთზე გაუშვეს გადამწყვეტი გოლი პენალტიდან) და ‘სევილიას” შეხვდნენ. ახლა კი, მათ კიდევ ერთი მოწინავე კლუბი ”ვალენსია” შეეტოქება. ამის შემდეგ, “კორდობა” თავის კალიბრის გუნდებს ეთამაშება და ნელ-ნელა ქულების დაგროვებას განაგრძობს. რასაკვირველია, რომ კლუბი დღეს ეცდება წარმატების მოპოვებას, თუმცა ამის გაკეთება გაუჭირდებათ. მასპინძლებს ტრავმები გამო ბუზონი, ფიდელი, გუნინო, ლუსო, ლოპეს სილვა და პინილიოსი არ ეყოლებათ, ეკენგი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ფედერიკო კარტაბია “ვალენსიას” საკუთრებაა და მის წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს.

“ვალენსია” ძალიან კარგ ფორმაშია და ბოლო 10 მატჩში 7 გამარჯვება და 2 ფრე აქვს. ნუნუ ესპირიტო სანტოს გუნდი მეოთხე ადგილზეა და უახლოეს მდევარ “სევილიას” ორი ქულით უსწრებს, ხოლო მადრიდის “ატლეტიკოს” სამით ჩამორჩება. მიმდინარე სეზონში “ღამურები” ევროტურნირებზე არ მონაწილეობენ და აქცენტი მხოლოდ ლა ლიგაზე აქვთ გაკეთებული. დღევანდელ შეხვედრაში “ლოს ჩესთვის” დამაკმაყოფილებელი მხოლოდ გამარჯვება იქნება. “ვალენსიას” პაკო ალკასერი ჰყავს ტრავმირებული, ხოლო ენცო პერესი და ანტონიო ბარაგანი დისკვალიფიცირებულნი არიან.

კლუბების პირველი წრის მატჩი “ვალენსიას” გამარჯვებით (3:0) დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

კორდობა (4-2-3-1):
ხ.კარლოსი, კრესპო, პანტიჩი, კამპაბედალი, ედიმარი, ფ.როსი, დეივიდი, ჰელდონი, ბებე, გილასი, ანდონე.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

ვალენსია (4-3-3): ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი, გაია, კანსელო, ფუეგო, პარეხო, გომეში, პიატი, ფეგული, ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

მსაჯი: უნდიანო მალენკო

23:00 ატლეტიკო – ალმერია

ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა მადრიდის “ატლეტიკომ” გასულ ტურში ვიგოში მოულოდნელი მარცხი (0:2) იწვნია და საჩემპიონო ბრძოლაში შანსები მნიშვნელოვნად შეიმცირა. “როხიბლანკო” “ბარსელონას” ექვსი, ხოლო “რეალს” შვიდი ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, მადრიდულ კლუბს ”ვალენსია” მიუახლოვდა, რომელიც მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება დიეგო სიმეონეს კრებულს. კლუბს შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა ელის “ლევერკუზენთან”, თუმცა სიმეონე შემადგენლობის დასვენებას არ აპირებს, რადგან მის გუნდს ლა ლიგაში მეტი შეცდომის დაშვების უფლება აღარAაქვს. მადრიდელებს ტრავმის გამო კოკე არ ეყოლებათ.

მიმდინარე სეზონში ძალიან უცნაურად თამაშს “ალმერია”. ანდალუსიური კლუბი ტრადიციულად შინ უკეთესად თამაშობდა, თუმცა წელს ყველაფერი პირიქითაა. ხუან იგნასიო მარტინესის შეგირდებმა გასვლაზე 16 ქულის მოპოვება შეძლეს, ხოლო შინ მხოლოდ 7 ქულა აიღეს. სტუმრად წარმატებით თამაშის მიუხედავად, დღეს “ალმერია” თითქმის უშანსოდაა, რადგან ანდალუსიური კლუბი ძირითადად თავის დონის გუნდებს ამარცხებს გასვლაზე, ხოლო “ატლეტიკოს” შინ ჩატარებულ 12 შეხვედრაში 10 მოგება და 1 ფრე აქვს. “ალმერიას” ტრავმირებული რუბენ მარტინესი ვერ დაეხმარება.

კლუბების პირველი წრის მატჩი “ატლეტიკოს” გამარჯვებით (1:0) დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2):
მოია, მირანდა, გოდინი, სიკეირა, ხუანფრანი, გაბი, ტიაგო, საული, თურანი, გრიზმანი, მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, ტრახილიო, მ.დოს სანტოსი, მიჩელი, დუბარბიერი, ვერზა, კორონა, ბიფოუმა, ფ.სორიანო, ვ.სილვა, ჰემედი.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

მსაჯი: მატეუ ლაოსი

01:00 დეპორტივო – სელტა

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “რიასორზე” გაიმართება, სადაც ერთმანეთს მოსისხლე მტრები ლა კორუნიის “დეპორტივო” და ვიგოს “სელტა” დაუპირისპირდებიან.

ბოლო პერიოდში “დეპორტივომ” აშკარად მოუმატა და კლუბი გასავარდნ ზონასაც მოშორდა. გასულ ტურში გალისიური კლუბი გასვლაზე ”რეალთან” დამარცხდა (0:2), თუმცა უნდა ითქვას, რომ “დეპორტივომ” საკმაოდ კარგად ითამაშა და გოლის გატანის არაერთი რეალური შანსი ჰქონდა. მადრიდელთა წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა “დეპორის” ვეტერანმა კაპიტანმა მანუელ პაბლომ, რომელიც შესაძლოა დღესაც ვიხილოთ მინდორზე. ლა კორუნიელთა რიგებში გამორჩეული ფიგურაა ივან კავალეირო, რომელზეც დღესაც ბევრი იქნება დამოკიდებული. კარგად გამოიყურება ახალწვეული სელსო ბორგესი და დამაჯერებელია მეკარე ფაბრი, რომელმაც არაერთი ქულა მოუპოვა წელს “დეპორტივოს”. მასპინძლები ტრავმების გამო ფარინას, პოშტიგასა და სალომაოს მოისაკლისებენ.

მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად დაიწყო “სელტამ”, რასაც ხანგრძლივი ჩავარდნა მოჰყვა და ახლა ნელ-ნელა კვლავ კრეფს ფორმას ედუარდო ბერიცოს გუნდი. ვიგოელებმა ბოლო სამ მატჩში შვიდი ქულა მოიპოვეს და დღეს წარმატების შემთხვევაში მერვე პოზიციაზე გადაინაცვლებენ. ვიგოელები უგო მალიოსა და ბორხა ობინას მოისაკლისებენ.

წინა გალისიური დერბი “სელტას” მინიმალური გამარჯვებით დასრულდა (2:1). შეხვედრის გმირი ვიგოელთა მეკარე სერხიო ალვარესი გახდა, რომელმაც 89-ე წუთზე ჰარის მედუნჯანინს აუღო პენალტი.

სავარაუდო შემადგენლობები

დეპორტივო (4-2-3-1):
ფაბრი, ლოპო, სიდნეი, ლუისინიო, ხუნფრანი, ბერგენტინოსი, ბორგესი, ლ.პერესი, კუენკა, კავალეირო, რიერა.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, ს.გომესი, ხონი, რადოია, კრონ-დელი, ა.ფერნანდესი, ნოლიტო, ორელიანა, ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

მსაჯი: პედრო პერეს მონტერო

თეგებილა ლიგა
0.126369