ფეხბურთი

3:11 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ხეტაფემ” “ესპანიოლს” აჯობა

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტური “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “ხეტაფემ” კატალონიური “ესპანიოლი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

მასპინძელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო ახალგაზრდა შემტევმა პაბლო სარაბიამ, რომელმაც წინა ტურში თავის გუნდს ქულა დააკარგვინა (“ვალენსიასთან” წაგებულ შეხვედრაში სარაბიამ 93-ე წუთზე სამი მეტრიდან ცარიელ კარში ააცილა). 22 წლის ფეხბურთელმა განვლილ მატჩში დაშვებული შეცდომა გამოასწორა და მადრიდულ კლუბს გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით შეეწია.

ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა, შეტევაში ჩართულმა ალექსის რუანომ საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, სადაც ყველას სარაბიამ დაასწრო და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. პირველი ნახევარი ასე დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს – მარჯვენა ფლანგზე პაბლო სარაბიამ გაილაღა, რამდენიმე მეტოქეს თავბრუ დაახვია და ალვარო ვასკესს დაუგორა ბურთი, რომელმაც ძლიერი დარტმით გაუტანა კიკო კასილიას. სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა 89-ე წუთზე მოახერხეს. შეცვლაზე შემოსულმა არბილიამ შორი მანძილიდან გაისროლა და ულამაზესი გოლი გამოუვიდა - 2:1.

“ხეტაფე” 26 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო “ესპანიოლი” 29 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე დაესწრო.

ხეტაფე – ესპანიოლი 2:1 (1:0)

მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-2-3-1): ხ.ლოპესი, ნალდო, ველაზკესი, ესკუდერო, ალექსისი, ხ.როდრიგესი, ლასენი, სამირი (ფელიპი 85), ლეონი (ჰინესტროზა 78), სარაბია, ვაზკესი (ი.ლოპესი 88).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, ჰ.მორენო, ალვარო, დუარტე, ხ.ლოპესი (არბილია 75), ა.გონსალესი, კანიასი, მონტანესი (მორილია 82), სტუანი (სევილია 58), ლუკასი, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გოლები:
1:0 სარაბია (33), 2:0 ვაზკესი (57), 2:1 არბილია (89).
გაფრთხილებები: ხ.როდრიგესი, ლასენი, ალექსისი – ხ.ლოპესი, კანიასი, დუარტე
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 10(4)-11(7), ჯარიმა: 15-14, კუთხური: 2-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 6-2

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 28. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 26. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 17. კარლოს ბაკა (“სევილია”) -13. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) - 12.

თეგებილა ლიგა
0.154315