იტალიის სერია A-ს XXIV ტურმა სტარტი ერთი შეხვედრით აიღო. ტურინში ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერი “იუვენტუსი” და ბერგამოს “ატალანტა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის იტალიელებისთვის უჩვეულო დღეს გამართვა კი განპირობებული იმით გახლდათ, რომ “იუვე” სამშაბათს გერმანული “დორტმუნდის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრას გამართავს.
“ბებერი ქალბატონი” აუტსაიდერი “ატალანტას” წინააღმდეგ ადვილ სამ ქულას გეგმავდა, თანაც მასიმილიანო ალეგრიმ თითქმის უძლიერესი შემადგენლობა ათამაშა, მაგრამ ტურინულ გრანდს მაინც გაუჭირდა. მეტიც, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 25-ე წუთზე კუთხურის შემდეგ, ვეტერანმა ჯულიო მილიაჩომ მეორე სართულზე ყველას აჯობა და ჯიჯი ბუფონს აუღებელი დაურტყა. მიუხედავად ჩამორჩენისა “ბიანკონერიმ” დაწინაურება ანტრაქტამდე მოახერხა. ჯერ 39-ე წუთზე, ესპანელმა ფერნანდო ლორენტემ მეკარის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე კი ანდრეა პირლომ მორიგი შედევრი დაუტოვა საფეხბურთო სამყაროს. “იუვეს” ლიდერმა დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით შეხვედრის მშვენება გოლი გაიტანა. როგორც შემდგომ გაირკვა პირლოს ლამაზი გოლი მატჩის ბედის განმსაზღვრელი გამოდგა. “იუვენტუსმა” მოპოვებული გამარჯვებით მდევარ “რომას” 10 ქულით გაასწრო. “ატალანტას” მდგომარეობა კი ისევ საგანგაშოა.
“იუვენტუსი” – “ატალანტა” 2:1 (2:1)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 38.000
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი; მარკიზიო, პირლო, პოგბა (ლიხშტაინერი 65); პერეირა; ტევესი (კომანი 89), ლორენტე (მორატა 74)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ატალანტა” (4-5-1): სორტიელო; სკალონი, ბელინი, მაზიელო, დრამე; ძაპაკოსტა (დ’ალესანდრო 51), ჩიგარინი, ბაზელი (გომესი 83), მილიაჩო, ემანუელსონი; დენისი (ბოაჩი 70)
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
გოლები: 0:1 მილიაჩო (25), 1:1 ლორენტე (39), 2:1 პირლო (45)
გაფრთხილება: მარკიზიო (55), პადოინი (60), პერეირა (85), ლიხშტაინერი (87), მორატა (90) - ბაზელი (43), ბელინი (81), მილიაჩო (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) - 9 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 6:5 გაფრთხილება: 5:3
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 14 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) -13, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 12, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 11, მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”) – 10.