ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა გრანპრის სერიით მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა ტურნირი, რომელსაც თბილისის სასტუმრო “ქორთიართ მერიოტი” მასპინძლობს. მეოთხე ტური იღბლიანი გამოდგა ტურნირის მონაწილე ერთადერთი ქართველი მოჭადრაკის ბაადურ ჯობავასთვის, რომელმაც თეთრებით აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი დაამარცხა. აქამდე ჯობავას მხოლოდ 0,5 ქულა ჰქონდა. მართალია, აუტსაიდერობას თავი ვერ დააღწია, მაგრამ დაგროვილი ქულებით დმიტრი ანდრეიკინსა და პიოტრ სვიდლერს გაუთანაბრდა.
აღნიშნულ ტურში, როგორც მთელ ტურნირში, გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ევგენი ტომაშევსკის თამაში, რომელიც ამჯერად თეთრებით ლიდერთა შორიახლო მყოფ ანიშ გირს ეთამაშებოდა. მართალია, ტომაშევსკიმ ამჯერად ვერ მოიგო, მაგრამ არც წაუგია, აქტივს 0,5 ქულა შეჰმატა, ერთპიროვნული ლიდერობა და მდევრებს შორის ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
ტურნირზე ყველაზე გრძელი პარტია ანდრეიკინსა და დომინგესს შორის გათამაშდა, რომელმაც 6 საათი და 40 წუთი გასტანა. ამ უკანასკნელმა ზედიზედ გაკეთებული 4 ყაიმის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა და იმ მოჭადრაკეთა გრძელ სიაში შევიდა, რომლებიც 3-3 ქულით II-VI ადგილებს ინაწილებენ.
მეხუთე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
ბაადურ ჯობავა (საქართველო) – შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) 1:0
მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) – თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5
რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი) – პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 1:0
დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) – ლენერ დომინგეს პერესი (კუბა) 0:1
ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) – ანიშ გირი (ჰოლანდია) 0,5:0,5
დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) – ალექსანდრე გრიშჩუკი (რუსეთი) 0,5:0,5
სატურნირო მდგომარეობა მეხუთე ტურის შემდეგ
I ტომაშევსკი 4 ქულა
II-VI გრიშჩუკი, იაკოვენკო, კასიმჯანოვი, გირი, დომინგესი 3-3
VII რაჯაბოვი 2,5
VIII-IX მამედიაროვი, ვაშიე-ლაგრავი 2-2
X-XII ჯობავა, ანდრეიკინი, სვიდლერი 1,5-1,5