კალათბურთი

21:58 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ქუთაისმა” ლეგიონერების წყალობით გაიმარჯვა

ბრწყინვალე საკალათბურთო სანახაობა გაიმართა ქუთაისში ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის დარბაზში, სადაც ერთმანეთს “ქუთაისი” და “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. გასულ ტურში ორივე გუნდმა მარცხი იწვნია. რიონისპირელები საკუთარ არენაზე “ბათუმთან” დამარცხდნენ, ხოლო ქვემოქართლელებმა პრინციპული პაექრობა დიდი სხვაობით დათმეს “შსს აკადემიასთან”. ბუნებრივია, ორივე გუნდს სურდა რეაბილიტაცია და სათამაშოდაც მოწინააღმდეგენი დიდი შემართებით გავიდნენ. ორივე გუნდი მატჩს გარკვეული დანაკლისით შეხვდა. მასპინძლებს ბუბა კვიმსაძე და გიორგი ბარბაქაძე არ ჰყავდათ, ხოლო რუსთაველებმა კაელ ნელსონი მოისაკლისეს.

შეხვედრაში პირველი ქულები სტუმრებმა მოიპოვეს. მათ ზედიზედ ორჯერ მოახერხეს ახლო მანძილიდან ბურთის ჩაგდება და 4:0 დაწინაურება, თუმცა ანატოლი ბოისას სამქულიანის და საჯარიმოს შემდეგ ანგარიში გათანაბრდა. პირველ მეოთხედში ტაბლოზე უპირატესობას ძირითადად ქუთათურები ფლობდნენ, რომლებმაც მოიგეს კიდეც მატჩის ეს ნაწილი 22:20. მასპინძელთაგან ლიდერობა სლოვენიელმა მირზა სარალიამ და ანატოლი ბოისამ იკისრეს, სტუმართაგან კი ჰამსი, დვალიშვილი და ოგლსბი გამოირჩეოდნენ.

მეორე მეოთხედი დასავლელებს ჩაუვარდათ, რუსთაველებმა კი დრო იხელთეს და საკმაო უპირატესობაც მოიპოვეს. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ აკაკი დვალიშვილის ეფექტური თამაში, რომელმაც დიდი თავსატეხი გაუჩინა მეურვეებს. მას პასებით დროულად ამარაგებდა ტერენს ოგლსბი. სწორედ ამ ორმა კალათბურთელმა შეძლო შეხვედრაში ორმაგი დუბლის გაკეთება. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 32 ქულა და 11 მოხსნაა, ხოლო გაამერიკელებული ნორვეგიელი კი 24 ქულას და 10 შედეგიან გადაცემას დასჯერდა. ამ ორი კალათბურთელის გათამაშებულ კომბინაციას რამდენიმეჯერ ქუთაისური პუბლიკა ტაშითაც კი შეეგება. ტაიმის ბოლოს კი ტაბლოზე 50:38 იყო სტუმართა სასარგებლოდ.

მესამე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ზემოთ ნახსენებ ოგლსბის და დვალიშვილს მიუძღვის. ოგლსბიმ მის მიერ მოპოვებული ქულების დიდი ნაწილი მესამე მეოთხედში მოიპოვა. თავის მხრივ აქტიურობა მასპინძლებსაც ეტყობოდათ, რომელთა მხრიდან ისევ ბოისა და სარალია გამოირჩეოდნენ. ქუთაისელთა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მათ მხოლოდ ქულით შეძლეს ანგარიშში სხვაობის შემცირება. გადამწყვეტი ნაწილის წინ კი რუსთაველები მატჩს 11-ქულიანი უპირატესობით იგებდნენ.

მეოთხე პერიოდი ისეთი გამოდგა, რომ არენაზე შეკრებილ ქომაგებს ალბათ დიდხანს არ დაავიწყდებათ. მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა დროის ეს მონაკვეთი საოცარი აღმაფრენით ითამაშეს და შეძლეს სერიოზული ჩამორჩენის აღმოფხვრა და მატჩის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა. შეხვედრის უდავო გმირი “ქუთაისის” აზერბაიჯანელი ლეგიონერი ზაურ ფაშაევი გახდა, რომელმაც ზედიზედ ხუთჯერ სამქულიანი დისტანციიდან მოახერხა ზუსტად ტყორცნა. მეექვსედ ნატყორცნის დროს კი მასზე დაჯარიმდნენ და ფაშაევმა სამივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. “რუსთავი” მედგრად იბრძოდა, თუმცა მათი უპირატესობა თვალს და ხელს შუა იკარგებოდა. ფაშაევს მალევე ჩაენაცლა მირზა სარალია, რომელიც პაექრობის ეპილოგის მეორე გმირის ფუნქცია იტვირთა. სლოვენიელმა მატჩის ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო და გადამწყვეტ მომენტებში საჯარიმოს ხაზიდან ბურთს ზუსტადაც ტყორცნიდა. ქუთაისურ არენაზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა აბდულა ნდოემაც, რომელმაც მატჩის მიწურულს რამდენიმე საჭირო ქულა და მოხსნა გააკეთა, ხოლო ერთხელ სარალიასთან გათამაშებული კომბინაცია ეფექტურადაც დაასრულა. სტუმართაგან ქუთაისელთა ზეწოლას ბოლომდე დვალიშვილი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ აღმაფრენით მოთამაშე მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს და რუსთავში განცდილი მარცხის რევანში აიღეს. ქუთაისელთაგან ყველაზე შედეგიანი მირზა სარალია გამოდგა 29 ქულით, ხოლო ზაურ ფაშაევს 26 ქულა დაუგროვდა.

0.217495