ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია, რომლებიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ირჯებიან, წინ დამაჯერებლად მიიწევენ.
პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ავსტრიელი კაროლინ კურცი 6:2, 6:2 დაამარცხა და შემდეგ რაუნდში მე-8 რეიტინგის მქონე რუს ვიკტორია კანს გაეჯიბრება.
მეოთხედფინალში გავიდა ქვაცაბაიაც, რომელმაც კვალიფიკაციიდან გამოსულ შვედ რებეკა პოიკაიარვის 6:2, 7:6 (7:5) სძლია. მე-3 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მე-5 რეიტინგით მოთამაშე თურქი მელისც სეზერი იქნება.
ანტალიაშივე ვაჟთა 10-ათასიან ტურნირს გამოეთიშა ალექსანდრე მეტრეველი. მერვედფინალურ ეტაპზე იგი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ რობინ სტანეკთან (ჩეხეთი) 4:6, 3:6 დამარცხდა.
წყვილებში მეტრეველმა და ებრაელმა ბოტცერმა ლატვიელებს – იანის და მარტინს პოძუსებს 3:6, 7:6 (7:5), 10:7 მოუგეს და ნახევარფინალში გააღწიეს, სადაც მე-2 რეიტინგის მქონე უკრაინულ-ავსტრიულ დუეტს (დევიატიაროვი-ვეისბორნი) ეთამაშებიან.