ჭადრაკი

17:59 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკეებმა ოლიმპიურ ჩემპიონებთან ფეხბურთი ითამაშეს

19 თებერვალს სპორტკომპლექს არენა 1-ში ამხანაგური მატჩი გაიმართა მინი-ფეხბურთში თბილისში მიმდინარე ჭადრაკის გრან პრის მონაწილე მოჭადრაკეებსა და ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებს შორის.

მოჭადრაკეთა გუნდში თბილისის გრან პრის ეტაპის ლიდერის - ევგენი ტომაშევსკისთან ერთად (რუსეთი), ასევე პიოტრ სვიდლერმა (რუსეთი), დიმიტრი იაკოვენკომ (რუსეთი), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი), ლენიერ დომინგესმა (კუბა) და რუსტამ კასიმჟანოვმა (უზბეკეთი) ითამაშეს.

ქართველ ოლიმპიელთა შემადგენლობა ასეთი იყო - კახი კახიაშვილი (3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში), გიორგი ასანიძე (ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში), მანუჩარ კვირველია (ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში), დავით გობეჯიშვილი (ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში), ვახტანგ ბლაგიძე (ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაოაბში). რამაზ ნოზაძე (მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში).

აღსანიშნავია, რომ მატჩის მთავარი არბიტრი გახლდათ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული - ნონა გაფრინდაშვილი.

შეხვედრა ოლიმპიელების გამარჯვებით 5:3 დასრულდა.

ჭადრაკის გრან პრის რაც შეეხება, თბილისში მიმდინარე მსოფლიო ეტაპს 4 ტურის შემდეგ 3.5 ქულით ევგენი ტომაშევსკი ლიდერობს, მე-5 ტურის შეხვედრები 20 თებერვალს გაიმართება. საქართველოს სახელს გრან პრიზე ბაადურ ჯობავა იცავს, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ 0.5 ქულა აქვს მოგროვილი და მე-12 ადგილს იკავებს.

msy.gov.ge

0.182331