ფეხბურთი

13:24 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გელა ინალიშვილი: “ზუგდიდს ახალი, მესამე კატეგორიის უეფას სტანდარტების სტადიონი ექნება”

“ზუგიდიდის” სპორტული დირექტორის გელა ინალიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ზუგდიდს საფეხბურთო ბუმი ელის. ამის შესახებ მან ზუგდიდელთა ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

გელა ინალიშვილი: “ზუგდიდელ გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ უახლოეს მომავალში მათ ნამდვილი საფეხბურთო ბუმი ელით. სამწუხაროდ, წლების მანძილზე, ზუგდიდური გუნდი უმაღლეს ლიგაში სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მხოლოდ ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა და ამ ქალაქს ეს ნამდვილად არ ეკადრება. უდავოდ, ნიჭიერი და პერსპექტიული თაობა მოდის. მათ მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდებათ. ჩვენთან 260 ბავშვი ვარჯიშობს და ქართული ფეხბურთის მომავალი, სწორედ ამ ახალი თაობის განვითარებაზე უნდა იყოს აგებული. მართებული პროგრამით უნდა წარიმართოს მათთან მუშაობა და ეს აუცილებლად შედეგს მოიტანს. ყველაფერს ამას უპირველესად, კარგი და გამართული ინფრასტრუქტურა განაპირობებს.

სამწუხარო ფაქტია, რომ რამდენიმე წელიწადი ეს ქალაქი საფეხბურთო სტადიონის გარეშე დარჩა. მაშინდელი ცენტრალური ხელისუფლების უშუალო ჩარევით ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის დემონტაჟი განხორციელდა. ტრადიციული საფეხბურთო ქალაქი ამავე მიზეზით, ფაქტობრივად სპორტის ამ საზეობას კიდევ უფრო დაშორდა. ამან ქალაქში ფეხბურთის წინსვლაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა.

რაც შეეხება სამომავლო განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მთავრობის მხარდაჭერითა და უშუალოდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის თანადგომით, ზუგდიდს ახალი, მესამე კატეგორიის უეფას სტანდარტების სტადიონი ექნება, რაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთელი კლუბის სახელით კი, ქვეყნის პრემიერს, მხარდაჭერისთვის მადლობას მოვახსენებთ.

უნდა აღინიშნოს, რომ სამომავლოდ საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” უძრავი ქონების მფლობელი და მესაკუთრე ხდება, რაც ინვესტორთა მოზიდვისთვის ფუნდამენტური ნაბიჯია. კლუბის მფლობელობაში გადადის, განმუხურისა და ზედაეწერის სტადიონი, ასევე რუხის სპორტული ბაზა, რომლის სრულ რეაბილიტაციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ქალაქის მერია და ქალაქის საკრებულო ერთობლივი ძალისხმევით გვეხმარება. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას ვუხდით, რეგიონის გუბერნატორს ბატონ ლევან შონიას, ქალაქის მერს, ბატონ ირაკლი გოგოხიასა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ მერაბ ქვარაიას.

- ეს პროცესი მთლიანად სავარაუდოდ როდის დასრულდება?

- ახალი სტადიონი 2016-17 წლების სეზონში გაიხსნება, ხოლო დანარჩენი სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც, ასევე ამ პერიოდისთვის დასრულდება. რაც შეეხება მათი კლუბის მფლობელობაში გადაცემას, კარგა ხანია დოკუმენტაციის მოწესრიგება მიმდინარეობს და ეს პროცესი მალე დასრულდება. საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” მთლიანობაში, ძალიან კარგი სპორტული კომპლექსის მფლობელი გახდება.

- მიმდინარე სეზონში გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. უახლოეს მომავალში გულშემატკივრები კლუბისგან რას უნდა ელოდონ?

- არსებული ვითარება არასდროს დაგვიმალავს ან როგორ შეიძლება რეალობას გავექცეთ. ზუგდიდელმა მოთამაშეებმა ყველაფერი უნდა ჩადონ მიმდინარე სეზონში, რათა ერთად გადავარჩინოთ ფეხბურთი ზუგდიდში. მათ ამისთვის უდიდესი თანადგომა სჭირდებათ. “ზუგდიდი” უმაღლეს ლიგაში აუცილებლად უნდა დარჩეს და ამ საკითხში ყველა ერთსულოვანია.

გუნდის მომავალთან დაკავშირებით გეტყვით, რომ საფეხბურთო კლუბმა “ზუგდიდმა”, არამდგრადი და არასტაბილურობის პერიოდი უკვე დაასრულა და ეტაპობრივად მხოლოდ განვითარებაზე ვართ ორიენტირებული. ამის თქმის მყარ საფუძველს ნამდვილად იძლევა, ქალაქის მერის ბატონ ირაკლი გოგოხიას დამოკიდებულება მთლიანად ფეხბურთისადმი და მით უმეტეს ჩვენი გუნდისადმი. უბრალოდ გეტყვით, რომ იგი ვარჯიშებსაც ხშირად ადევნებს თვალს და დამატებით სტიმულს აძლევს ფეხბურთელებს. მჯერა, ყოველი ახალი სეზონი, კლუბისთვის წარმატებული იქნება. სამ-ოთხ წელიწადში კი, “ზუგდიდი” ახალ სტადიონზე საერთაშორისო მატჩებს უმასპინძლებს და ეს შორეული პერსპექტივა არაა.

0.151042