სანამ ევროპაში მორიგი ზღაპარი იწერება სახელად: “რუსეთთან დადებული ხელშეკრულება“, კვლავ დიდი კითხვის ქვეშ დგას იმ უკრაინული საფეხბურთო კლუბების ხვალინდელი დღის საკითხი, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვდნენ. ამას გარდა, კვლავ გაურკვეველია ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე სპორტული ობიექტებისა და კლუბების ბედი. ერთადერთი, რაც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ - უეფამ გააკეთა ისაა, რომ რუსეთს ყირიმული კლუბების რუსეთის პირველობაში მონაწილეობა აუკრძალა, თუმცა ამის იქით სამწუხაროდ საქმე არ წასულა.
არადა, სხვა შემთხვევაში, რუსეთის დარი საქმის ჩამდენი ქვეყანა არამხოლოდ უეფადან და ფიფადან გაირიცხებოდა, არამედ საერთოდ დადგებოდა საკითხი მათ მიერ აქამდე მოპოვებული ტიტულების ჩამორთმევაზე. მაგრამ, ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ იმ უსამართლობას და უსინდისობას, რაც დღეს ევროპაში ხდება და ათმაგად გულსატკენია ის, რომ ამ უსამართლობის ხელისშემწყობნი სწორედ ევროპელები არიან, სადაც ინტეგრაციის სურვილის გამოც, უკრაინელმა ხალხმა საშინელება გამოიარა და ღმერთმა იცის კიდევ რას უმზადებს მათ მომავალი.
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები საშინელ დღეშია და იქ სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე საუბარიც კი ზედმეტია. სერიოზულადაა დაზიანებული “შახტარის“ ერთ დროს მშვენიერი საშინაო არენა და ლუგანსკის ცენტრალიურ სტადიონსაც ჭურვების კვალი ატყვია. დონეცკური კლუბი მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ შემორჩა ჩემპიონთა ლიგას და ეს იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად დევნილობაში უწევდა თამაში. მაგრამ რა იქნება ხვალ? ესაა კითხვა, რომელზე პასუხიც არავინ იცის.
რამდენიმე დღის წინ, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა შეხვედრა, სადაც იმ უკრაინულ კლუბებზე იმსჯელეს, რომელთა სტადიონებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა. მსჯელობით კი იმსჯელეს, მაგრამ არც დასკვნითი დოკუმენტი შეუმუშავებიათ და არც რაიმე რეკომენდაცია მიუციათ უკრაინის ფეხბურთის ხელმძღვანელობისათვის. უბრალოდ შეიკრიბნენ და დაიშალნენ. ამას თან ერთვოდა უეფაში რუსი საფეხბურთო ჩინოსნების აღვირახსნილი და ყოვლად თავხედური გამოხდომები, რომლებმაც საერთოდ აიღეს ხელი ყოველგვარ მორალურ ღირებულებაზე და ყირიმული კლუბების რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოითხოვეს. უეფამ მათ მოთხოვნას დუმილით უპასუხა, მაგრამ ალბათ მათთვის ისევ ეს დუმილი ჯობდა ყველაფრის თქმას, რაც უნდა ითქვას და რასაც სამწუხაროდ ძალიან ცოტა ვინმე თუ ამბობს.
უკრაინა, რომელიც ევროპაში რუსეთის შემდეგ (თუკი რუსეთს საერთოდ შეიძლება ეწოდოს ევროპის ქვეყანა) სიდიდით მეორე ქვეყანაა, თუ ასე გაგრძელდა შესაძლებელია საერთოდ საფეხბურთო ეროვნული პირველობის გარეშე დარჩეს, რადგან ყველა პრობლემებთან ერთად, უკრაინულ კლუბებს უკვე მწვავე ფინანსური კრიზისიც დაუდგათ. ამ კლუბების სპონსორებს სხვა საფიქრალი გამოუჩნდათ და ახლა ის სიტუაციაა, როდესაც უკრაინელებს ყველაზე მეტად სჭირებათ უეფასა და ფიფას დახმარება, რათა ერთ დროს პროგრესის გზაზე მდგარი მათი ფეხბურთი საერთოდ არ მოისპოს. მაგრამ ეს თანადგომა სამწუხაროდ არ ჩანს და მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე საფეხბურთო ჩინოსნის არაფრისმომცემი კომენტარით შემოიფარგლება.
ამ დროს კი, ანგელა მერკელი სიხარულით ამცნობს გერმანელ ხალხს, რომ ევროპა ომს გადაარჩინა. ძნელია ამ საძაგლობაზე გული არ გეტკინოს...