ჭადრაკი

21:38 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევგენი ტომაშევსკიმ ლიდერობა განიმტკიცა

ვაჟ მოჭადრაკეთა გრანპრის სერიით მიმდინარე საერთაშორისო ტურირზე, რომელსაც თბილისში მდებარე სასტუმრო "ქორთიართ მერიოტი" მასპინძლობს, მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა.

სხვებისაგან გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ევგენი ტომაშევსკის (რუსეთი) თამაში, რომელიც შავებით აზერბაიჯანელ შაჰრიარ მამედიაროვს ხვდებოდა. მეოთხე ტურამდე მამედიაროვი ტომაშევსკის 0,5 ქულით ჩამორჩებოდა. მიმდინარე ტურნირზე იგი გრიშუკისა (რუსეთი) და გირის (ჰოლანდია) შემდეგ მესამე ნომრად არის განთესილი. რაც შეეხება ტომაშევსკის, აღნიშნულ ტურნირზე მისი კოეფიციენტი საკმაოდ მოკრძალებულია, მას მეათე ადგილი უკავია. რეიტინგში დიდი სხვაობის მიუხედავად, შავებით მოთამაშე ტომაშევსკიმ მაინც შეძლო მეტოქის დამარცხება, ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა, 4 შესაძლებლობიდან 3,5 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებს მთელი 1 ქულით უსწრებს, რაც ამ დონის ტურნირებისთვის საკმაოდ დიდი უპირატესობაა. დღევანდელი შეხვედრებიდან ყველაზე ხანგრძლივი რაჯაბოვი-იაკოვენკოს დაპირისპირება გამოდგა, რომელმაც 5 საათი და 45 წუთი გასტანა. შეხვედრის მიწურულს რაჯაბოვს ზედმეტი პაიკი აღმოაჩნდა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო და შეხვედრა ყაიმით დასრულდა.

სამწუხაროდ, ისევ დამარცხდა საქართველოს წარმომადგენელი ბაადურ ჯობავა, რომელმაც ამჯერად ტურნირის რეიტინგ ფავორიტ ალექსანდრე გრიშუკთან წააგო.

19 თებერვალს ტურნირზე დასვენების დღეა. ერთდღიანი შესვენების შემდეგ ასპარეზობა 20 თებერვალს განახლდება.

გთავაზობთ მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს:

თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) - დიმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 0,5-0,5

ალექსანდრე გრიშუკი (რუსეთი) - ბაადურ ჯობავა (საქართველო) 1-0

შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) - ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) 0-1

ანიშ გირი (ჰოლანდია) - დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) 0,5-0,5

ლენერ დომინგეს პერესი (კუბა) - რუსტამ კასიმჟანოვი (უზბეკეთი) 0,5-0,5

პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) - მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0,5-0,5

სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ

I ტომაშევსკი - 3,5 ქულა

II-IV გირი, გრიშუკი, იაკოვენკო - 2,5-2,5

V-VIIIOმამედიაროვი, რაჯაბოვი, დომინგეს პერესი, კასიმჟაროვი - 2-2

IX-XI ანდრეიკინი, ვაშიე-ლაგრავი, სვიდლერი - 1,5-1,5

XII ჯობავა - 0,5

0.125493