გელზერკირხენის “შალკეს” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“მატჩში მოგების სურვილით ჩავერთვებით. რა თქმა უნდა, ძლიერი მეტოქე გვეყოლება, ჩემპიონები არიან, თუმცა ჩვენსას ვეცდებით. ეს იქნება ტესტი იმის დასადგენად, თუ რამდენად ახლოს ვართ ევროპულ ფეხბურთთან და რამდენად გავუმჯობესდით. “რეალი” ფავორიტია, მაგრამ მჯერა, რომ გვაქვს დიდი ძალა და ამის დემონსტრირებას მოვახდენთ. გასულ წელთან შედარებით "შალკე" განსხვავებული გუნდია და გვინდა მოედანზე ეს დავამტკიცოთ. მეტოქის უდავო ლიდერი რონალდუა, რომელსაც ერთი ხელის მოსმით შეუძლია გადაწყვიტოს მატჩის ბედი.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
გასულ სეზონში “რეალმა” “შალკე” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში 9:2 გაანადგურა. მაშინ “ხუმარებს” იენს კელერი წვრთნიდა. 2014 წლის 7 ოქტომბრიდან გერმანელებს სათავეში დი მატეო უდგას.