ძიუდო

14:19 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროტატამი შეიძლება ბაქოში გაიშალოს

ევროპის ძიუდოს კავშირმა გლაზგოს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა და ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტია, რომელი ქვეყნის რომელი ქალაქი აირჩიოს ახალ მასპინძლად.

აზერბაიჯანული სპორტული გამოცემების ცნობით, ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი ბაქოა, რასაც ევროპული ძიუდოს მმართველი ორგანიზაციის სერგეი სოლოვეიჩიკის კომენტარით ამყარებენ.

"მას შემდეგ, რაც გადაწყდა ევროპირველობის მიმღები ქვეყანა თავიდან უნდა დაგვესახელებინა, რამდენიმე მსურველი გამოჩნდა. მათ შორის არიან საფრანგეთი, ჰოლანდია, თურქეთი და ფინეთი. ასევე განვიხილავთ აზერბაიჯანის ვარიანტს. ბაქოში ხომ წლეულს ევროპის ოლიმპიური თამაშებიც უნდა ჩატარდეს” – განაცხადა სოლოვეიჩიკმა.

შოტლანდიისთვის ევროპირველობის ჩამორთმევის მთავარი მიზეზი ევროპული და ბრიტანული ძიუდოს ხელმძღვანელებს შორის საკონტრაქტო პირობებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა გახდა. ევროპის ძიუდოს კავშირმა ბრიტანეთის ძიუდოს ფედერაცია რამდენიმეჯერ მკაცრად გააფრთხილა, შემდეგ კი საბოლოო სანქციაც გამოაქვეყნა.

კონტინენტის პირად-გუნდური ჩემპიონატი საერთაშორისო კალენდარში 9-13 აპრილსაა შეტანილი და ასეც დარჩება. ახალი მასპინძლის ვინაობა კი დიდი ალბათობით, მომავალ კვირაში გაირკვევა.

0.114472