ფეხბურთი

10:05 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქმეში ჩემპიონი ერთვება

შალკე-რეალი

ეს წყვილი ერთ-ერთია, რომელსაც გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იმ “შალკეს” დაუპირისპირდება, რომელიც, გასულ გათამაშებაში, ამავე ეტაპზე, იოლად დაამარცხა.

ერთი წლის წინათ, “რეალმა” ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი პირველივე თამაშში გადაწყვიტა, როდესაც გელზენკირხენში 6:1 მოიგო. “შალკეს” კარში 2-2 გოლი ბენზემამ, ბეილმა და რონალდუმ გაიტანეს, მასპინძელთა მხრიდან კი თავი “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჰუნტელაარმა გამოიჩინა. განმეორებით შეხვედრაში რონალდუმ კვლავ დუბლი გაიფორმა, სტუმრებს ერთი გოლი მორატამ გაუტანა, ხოლო გერმანელთაგან ერთადერთი ბურთი ტიმ ჰოოგლანდმა გაიტანა.

“შალკეს” ესპანურ გუნდებთან სულ 25-ჯერ უთამაშია. გელზენკირხენელებს 7-7 მოგება და ფრე, ასევე 11 წაგება აქვთ. საკუთარ მოედანზე გამართული 12 დაპირისპირებიდან “შალკემ” 5-5 მოიგო და წააგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა.

“რეალს” გერმანულ გუნდებთან დაპირისპირების დიდი ისტორია აქვს. მადრიდელებმა 58 თამაშიდან 27 მოიგეს, 10 ფრედ დაასრულეს და 21 დათმეს. სტუმრად ჩატარებული 27 შეხვედრიდან “სამეფო კლუბმა” მხოლოდ 3 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, ხოლო 18 წააგო.

გუნდები დღევანდელ მატჩს კარგი განწყობით ვერ ხვდებიან. “შალკემ”, ბუნდესლიგის გასულ ტურში, “აინტრახტთან” წააგო და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება “რეალს” – კარლო ანჩელოტის გუნდმა, მადრიდულ დერბიში 0:4 განადგურების შემდეგ, “დეპორტივო” კი დაამარცხა, მაგრამ დამაჯერებლად კვლავ ვერ ითამაშა. ცუდ ფორმაშია გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც გოლი უკვე 3 თამაშია არ გაუტანია. თუმცა, “რეალი” ლა ლიგაში ლიდერობას მაინც ინარჩუნებს.

ბოლო დროს “რეალის” ცუდად თამაშის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ტრავმებია. მადრიდელებს, დღეს, კოენტრაუ, ხამეს როდრიგესი, ხედირა, მოდრიჩი და რამოსი არ ეყოლებათ. საეჭვოა პეპეს თამაშიც.

საკადრო პრობლემების სიმცირეს არც “შალკე” განიცდის. გელზენკირხენელებს დრაქსლერი, ფერმანი, ფარფანი, გორეტცკა, კოლასინაცი და ობასი არ ეყოლებათ. გიფერის, კირხოჰისა და მატიპის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საკადრო პრობლემების გამო, “რეალთან” მატჩში “შალკეს” კარს გუნდის მე-3 მეკარე, ტიმონ ველენროიტერი დაიცავს.

  • “შალკე” და “რეალი”, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, ერთმანეთს ზედიზედ მე-2 სეზონში უპირისპირდებიან. ერთი წლის წინათ მადრიდელებს გელზენკირხენელების დამარცხება არ გასჭირვებიათ;
  • “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ეტაპზე ზედიზედ მეთვრამეტედ მოხვდა, რაც ტურნირის რეკორდია. მადრიდელები, ბოლო ოთხ შემთხვევაში, მინიმუმ ნახევარფინალში გასვლას ახერხებდნენ, გასულ სეზონში კი ისინი ჩემპიონები გახდნენ;
  • “შალკე”, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მეოთხედ მოხვდა. გერმანულ გუნდებს შორის უკეთესი შედეგი მხოლოდ “ბაიერნს” აქვს;
  • “შალკემ”, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ბოლო 6 თამაშში 19 გოლი გაუშვა;
  • “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 20 თამაშიდან 18 მოიგო. ამ 20 შეხვედრაში მადრიდელებმა ერთადერთხელ წააგეს და ისიც გერმანიაში;
  • “რეალი” ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში ყველა თამაში მოიგო;
  • თუ დღეს “რეალი” გაიმარჯვებს, მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-10 მოგება დაუგროვდებათ, რაც “ბაიერნის” რეკორდის გამეორება იქნება;
  • “რეალის” მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი გოლების 75% პირველ ტაიმში გავიდა. მადრიდული გუნდი ერთადერთია, რომელსაც მე-2 ნახევარში ჯერ გოლი არ გაუშვია;
  • “შალკემ”, ესპანურ გუნდებთან გამართული ბოლო 15 დაპირისპირებიდან მხოლოდ 2 მოიგო, ხოლო 8 წააგო;
  • “შალკემ”, ევროტურნირებზე გამართული ბოლო 21 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 10 მოიგო;
  • “რეალს”, გერმანიაში ჩატარებულ 27 თამაშში მხოლოდ 3 მოგება აქვს;
  • “რეალს” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ 2-ჯერ მოიგებს;
  • “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 9 გასვლითი თამაშიდან 7 მოიგო. უკანასკნელი 27 გასვლითი შეხვედრიდან “რეალმა” გოლი 26-ში გაიტანა;
  • “შალკეს” თავდამსხმელი კლას-იან ჰუნტელაარი, 2009 წელს, “რეალში” თამაშობდა. მადრიდული გუნდის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში მან 8 გოლი გაიტანა;
  • ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ “შალკეს” განაცხადს ჯოი-ლანს მიკელსი და მატია ნასტასიჩი დაემატნენ, ხოლო დონის ავდიჟაი, კრისტიან კლემენსი და ფელიპე სანტანა გამოაკლდნენ. “რეალის” განაცხადი მარტინ ედეგორმა და ლუკას სილვამ შეავსეს.

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (3-5-2): ველენროიტერი, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, უჩიდა, ბარნეტა, კირხოფი, ჰიოგერი, ფუხსი, ჰუნტელაარი, ჩუპო-მოტინგი.

რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ილიარამენდი, კროოსი, ისკო, ბეილი, ბენზემა, რონალდუ.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

ბაზელი-პორტუ

წყვილში, რომელშიც ევროპული ფეხბურთის არცერთი გრანდი არ მონაწილეობს, ფავორიტად დღეს სტუმრის სტატუსით მოთამაშე “პორტუ” უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ “ბაზელი” მინიმუმ პირველ მატჩში იბრძოლებს.

“ბაზელი” და “პორტუ”, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე, ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

“ბაზელს” პორტუგალიურ გუნდებთან სულ 10-ჯერ უთამაშია. შვეიცარელებს უარყოფითი ბალანსი აქვთ – 2 მოგება, 3 ფრე და 5 წაგება. საკუთარ კედლებში ჩატარებული 5 თამაშიდან “ბაზელმა” 2 მოიგო და 3 დათმო.

შვეიცარულ გუნდებთან დადებითი ბალანსი აქვს “პორტუს”, რომელმაც 6 დაპირისპირებიდან 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. პორტუგალიელებს, შვეიცარიაში გამართულ 3 თამაშში, თითო მოგება, ფრე და მარცხი დაუგროვდათ.

დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი კარგი განწყობით ხვდება. შვეიცარიის ჩემპიონატის განახლების შემდეგ ჩატარებულ ორ თამაშში “ბაზელმა” 2 ქულა კი დაკარგა, მაგრამ პაულუ სოუზას შეგირდები გათამაშებას კვლავ 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.

“პორტუ” პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერს 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ხულენ ლოპეტეგის შეგირდების მიერ ზედიზედ 3 თამაშის მშრალად მოგება მათ კარგ ფორმაზე მეტყველებს.

უდანაკარგოდ მოთამაშე “პორტუს” “ბაზელი” ტრავმირებული ივან ივანოვისა და დისკვალიფიცირებული ფაბიან შერის გარეშე ხვდება.

  • “პორტუს”, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში სტუმრად გამართულ 13 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს;
  • “ბაზელმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ბოლო 7 საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა;
  • “პორტუ” ერთ-ერთია იმ 3 გუნდიდან, რომლებსაც, მიმდინარე გათამაშებაში, თამაში არ წაუგიათ;
  • “პორტუმ”, ევროტურნირებზე გამართული ბოლო 14 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ “ბაზელის” საჩემპიონთალიგო განაცხადს ადამა ტრაორე დაემატა, ხოლო ასე ალიჟი, მარსელო დიასი, მიკაელ გონსალვესი, ჯოფრი დიე და ჯოვანი სიო გამოაკლდნენ. “პორტუს” განაცხადს ერნანი, ელტონი და დიეგო რეიესი დაემატნენ, ხოლო ადრიან ლოპესი, ანდრეს ფერნანდესი, ივო როდირგესი, კელვინი და ტომას მოტა გამოაკლდნენ;
  • “პორტუს” თავდამსხმელმა, ჯექსონ მარტინესმა, ბოლო 13 ოფიციალურ თამაშში 12 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაზელი (4-3-3): ვაცლიკი, ქსაკა, სუხი, სამუელი, საფარი, ზუფი, ფრაი, ელნენი, გონსალესი, შტრელერი, გაში.

პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, მარკანო, სანდრო, ოლივერი, კაზემირო, ერერა, კუარეჟმა, მარტინესი, ბრაიმი.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

0.192503