ფეხბურთი

16:37 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

 ლადო ბურდული: “შესაძლოა, ევროტურნირებზე მოსახვედრად ვიბრძოლოთ”

საფეხბურთო კლუბმა ბოლნისის “სიონმა” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა თურქული შეკრებისა და სამომავლო მიზნების შესახებ ისაუბრა. ასევე ბოლნისურმა კლუბმა 9 ახალი ფეხბურთელი წარადგინა.

“თურქეთში ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. ბელეკში გასულ წლებშიც ვიყავით, სადაც ყოველთვის კარგი პირობები გვხვდება, რაც გუნდის კარგად მომზადებისთვის აუცილებელი პირობაა”. მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენი სპარინგ-პარტნიორები საკმაოდ ძლიერი კლუბები იყვნენ. ვფიქრობ, უმჯობესია ძლიერ გუნდებთან თამაში, ვინაიდან ამ დროს კარგად ჩანს ჩვენი სუსტი მხარეები. სუსტი მხარეების დანახვა კი ნაკლოვანებების გამოსწორების საფუძველია. პირველ ეტაპზე ხედავ მინუსს, შემდეგ ეტაპზე კი მისი გამოსწორებისთვის შრომობ”, - აღნიშნა 34 წლის სპეციალისტმა.

“მეტოქეებიდან რუმინეთის ეროვნული გუნდი უნდა გამოვყო. მათ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდათ, მიუხედავად ამისა, მატჩის შემდეგ ჩემთან მოვიდა რუმინელთა მთავარი მწვრთნელი ანგელ იორდანესკუ, რომელმაც გაოცება გამოთქვა “სიონის” შედეგთან დაკავშირებით - საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში კლუბი მე-14 ადგილზე იმყოფება. მას ძალიან მოეწონა “სიონის” თამაში, მე კი ავუხსენი, რომ ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს და გუნდის შენების პროცესი მიმდინარეობს.

უზბეკეთის “ლოკომოტივი” თავის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, პარალელურად თამაშობს აზიის ჩემპიონთა ლიგაში. რაც შეეხება მათთან გამართულ შეხვედრას, “ლოკომოტივმა” კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. პერმის “ამკარი,” “ბატე” და “შერიფი” ძლიერი გუნდები არიან და მათზე ახალს ვერაფერს ვიტყვი. კლუბებმა “სიონის” რამდენიმე ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გამოხატეს და შესაძლოა, რამდენიმე მათგანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს უცხოეთის კლუბში აღმოჩნდეს. ჩვენ მზად ვართ “სიონზე” ძლიერი კლუბის შემოთავაზება განვიხილოთ.

“რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გავაკეთეთ, გუნდის ფორმირებას გარკვეული პერიოდი სჭირდება და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ყოველ მატჩში გამარჯვებას შევეცდებით და შესაძლოა ევროზონაში მოსახვედრადაც ვიბრძოლოთ”, - განაცხადა “სიონის” მთავარმა მწვრთნელმა.

სეზონის მეორე ნახევრისთვის ბოლნისური კლუბი 9 ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა. ესენი არიან: ალექსანდრე გურეშიძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი მიქაბერიძე, დავით სიჭინავა, დავით საჯაია, ცოტნე ქებურია, გიორგი ჭანკოტაძე, ენდრიუ არაუჟუ და სილვა, ლუის ალბერტო იეირა მედინა.

“მოსამზადებელი ციკლი კარგ პირობებში გავიარეთ. მნიშვნელოვანია, როცა ამხანაგურ მატჩებს ძლიერი კლუბების წინააღმდეგ მართავ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, გუნდს კარგად შევეწყვე და იმედი მაქვს სეზონის მეორე ნახევარი “სიონისთვის” წარმატებული იქნება”, - აღნიშნა დაჩი ცნობილაძემ.

კლუბმა თურქულ შეკრებაზე 6 ამხანაგური მატჩი გამართა.

“კრაიოვა” – “სიონი” 1:0

“ლოკომოტივი” – “სიონი” 2:0

“ამკარი” – “სიონი” 0:0

რუმინეთის ნაკრები – “სიონი” 1:0

“ბატე” – “სიონი” 1:1

“შერიფი” – “სიონი” 2:1

შეგახსენებთ სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ “სიონი” 3 მოგებით, 5 ფრითა და 7 მარცხით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მე-14 ადგილზე იმყოფება.

0.155814