ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბოსნიის ეროვნული ნაკრების და “რომას” ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა შესაძლოა კარიერა “ლივერპულში” გააგრძელოს. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “მერსისაიდელთა” ლიდერი სტივენ ჯერარდი კლუბს დატოვებს. ბრენდან როჯერსს კი ინგლისელის შემცვლელად “მგლების” ფეხბურთელს მოიაზრებს.
ცნობილი ხდება, რომ კლუბი იტალიელებს 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 37 მილიონ გირვანქას შესთავაზებს, ხოლო ფეხბურთელს კვირაში ანაზღაურების სახით 160 000 გირვანქას. ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია უჭირავს ამ საკითხზე “რომას” ხელმძღვანელობას.
პიანიჩს რომაელებთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. ფეხბურთელი სატრანსფერო ღირებულება 2015 წლის მონაცემით 30 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში ბოსნიელმა 29 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა.