ჩოგბურთი

15:14 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ჩოგბურთელები ფედერაციის თასის რეიტინგში დაწინაურდნენ

ფედერაციის თასის განახლებულ რეიტინგში საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები 7 ადგილით დაწინაურდა და 1360 ქულით 32-ე პოზიციაზე დამკვიდრდა. აღნიშნულის მიზეზი თებერვლის დასაწყისში ქართველ ჩოგბურთელთა ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში წარმატებული თამაში გახდა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ტურნირზე ქართველებმა პორტუგალია (2:1) და ბულგარეთი (2:1) დაამარცხეს, ბელარუსთან (0:3) და თურქეთთან (1:2) კი წააგეს და მთავარი მიზანი შეასრულეს – ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში ადგილი შეინარჩუნეს.

ცნობისთვის, ფედერაციის თასის რეიტინგში 97 ნაკრებია, საქართველოს გუნდი კი ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიც ბელგია, ბულგარეთი, სლოვენია, ავსტრია და სხვები არიან.

კლასიფიკაციის სათავეში დიდი უპირატესობით (27 355 ქულა) იმყოფება ჩეხეთის ნაკრები, შემდეგ კი იტალია (17 025), გერმანია (16 475), რუსეთი (15 597.50) და საფრანგეთი (8 905) მოდიან.

საინტერესოა, რომ ჩეხებს უკავიათ პირველი ადგილი დევისის თასის ანუ ვაჟთა რეიტინგში, საქართველოს ნაკრები კი 133 ქვეყანას შორის 23.75 ქულით 84-ე საფეხურზეა.

ისიც ვთქვათ, რომ ქართველ ვაჟებს მორიგი გამოცდა 15-18 ივლისს სან-მარინოში ელით, როდესაც ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფში აღსაზევებლად იბრძოლებენ.

III ჯგუფში ქართველთა გარდა ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მაკედონია, მალტა, ჩერნოგორია, ნორვეგია და სან მარინო ითამაშებენ, ზედა დონეზე ასვლის უფლებას კი 2 საუკეთესო მიიღებს.

0.113979