ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნი” სტუმრად, ლვოვში დონეცკის “შახტართან” ჩაატარებს. ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფი “რეკორდმაისტერი” წყვილის უდაო ფავორიტად ითვლება, თუმცა უკრაინელებთან დაპირისპირებას პეპ გვარდიოლა სხვანაირად უყურებს. ესპანელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ “შახტარი” ყოველთვის ძლიერი გუნდია.
“დონეცკელებს და მირჩა ლუჩესკუს დიდ პატივს ვცემ. რუმინელი ნიჭიერი სპეციალისტია, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს. “შახტარის” წინააღმდეგ ხუთჯერ ვითამაშე და მიუხედავად “ბარსელონას” სიძლიერისა, მათ გასაოცარი გუნდი ჰყავდათ და მათთან თამაში ყოველთვის რთულია. უეფას 2009 წლის სუპერთასი გავიხსენოთ, მაშინ უკრაინელები მხოლოდ დამატებით დროში დავამარცხეთ.
ჩემ ფეხბურთელებს ვუთხარი: “თუ “შახტარს” დაამარცხებთ, შეგიძლიათ იამაყოთ, რადგან მეტოქე ერთ-ერთი ტოპ-კლასის გუნდია. მათ ჰყავთ ლუიშ ადრიანო, დუგლას კოსტა, მარლოსი, ტაისონი, ალექს ტეიშეირა და სხვა დიდებული ფეხბურთელები. დიდ პატივს ვცემ დარიო სრნას, მას ვაკვირდები ხოლმე როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში თამაშის დროს. თუ ჩვენ სათამაშო დონეს არ დავუწევთ, “შახტარის” გამოთიშვა შეგვიძლია. რიბერი კარ ფორმაშია, ალონსომ ივარჯიშა და მატჩის დღეს გადავწყვეტთ ითამაშებს თუ არა”, - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
“ბაიერნი” მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება. მართალია, გვარდიოლას გუნდმა ბუნდესლიგა წაგებით განაახლა, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში მიუნხენელებმა 10 გოლი გაიტანეს, საკუთარი კარი კი მშრალად შეინახეს.