ფეხბურთი

11:33 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა პარიზსა და ლვოვში განახლდება

ორთვიანი შესვენების შემდეგ, ევროპულ ფეხბურთს უმთავრესი საკლუბო ტურნირი უბრუნდება. დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩებს პარიზი და ლვოვი უმასპინძლებს. საფრანგეთში ერთმანეთს “პარი სენ ჟერმენი” და “ჩელსი”, ხოლო უკრაინაში – “შახტარი” და “ბაიერნი” დაუპირისპირდებიან.

პსჟ-ჩელსი

პსჟ-სა და “ჩელსის” დაპირისპირება 1/8-ფინალური წყვილებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ერთმანეთს ის გუნდები ხვდებიან, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების 1/4-ფინალში დაძაბული ორრაუნდიანი დაპირისპირება ჰქონდათ.

დაახლოებით ერთი წლის წინათ, “პარი სენ ჟერმენმა” “ჩელსი” შინ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან გოლები ეზეკიელ ლავესიმ და ხავიერ პასტორემ გაიტანეს, ხოლო ამჟამად პსჟ-ში მოთამაშე დავიდ ლუისმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პარიზული კლუბის კარში ერთადერთი გოლი ედენ აზარმა გაიტანა.

ერთი კვირის შემდეგ გამართულ განმეორებით მატჩში “ჩელსიმ” 2:0 მოიგო და სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით მომდევნო ეტაპზე გავიდა. “სტემფორდ ბრიჯზე” გოლები ანდრე შიურლემ და დემბა ბამ გაიტანეს. ეს ფეხბურთელები, დღეს, “ჩელსიში” აღარ თამაშობენ.

“პარი სენ ჟერმენი” და “ჩელსი” ერთმანეთს მანამდეც შეხვედრიან. 2004 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ლონდონელებმა პარიზში 3:0 მოიგეს. გოლები ჯონ ტერიმ და დიდიე დროგბამ (2-ჯერ) გაიტანეს. ორივე ეს ფეხბურთელი კვლავ “ჩელსიში” თამაშობს. განმეორებითი თამაში, რომელიც ინგლისში გაიმართა, უგოლოდ დასრულდა.

პსჟ-ს ინგლისურ გუნდებთან სულ 9-ჯერ უთამაშია. პარიზელებს 2 მოგება, 3 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდათ. საკუთარ კედლებში ჩატარებული 4 შეხვედრიდან “პარი სენ ჟერმენმა” 2 მოიგო, ხოლო თითო ფრედ დაასრულა და წააგო.

“ჩელსისა” და ფრანგული გუნდების დაპირისპირების ისტორია 12 თამაშს ითვლის. ლონდონური გუნდის ანგარიშზე 5 მოგება, 3 ფრე და 4 წაგებაა. სტუმრად გამართული 6 დაპირისპირებიდან “არისტოკრატებმა” 1 მოიგეს, ამდენივე ფრედ ითამაშეს და 4 დათმეს.

ლორან ბლანის გუნდი თამაშს ცუდი განწყობით ხვდება. პარიზელებმა, ლიგა ერთის გასულ ტურში, ორბურთიანი უპირატესობა ხელიდან გაუშვეს და ქულები დაკარგეს, რის გამოც ლიდერთან გათანაბრება ვერ მოახერხეს. პსჟ, 25 ტურის შემდეგ, “მარსელთან” მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

“ჩელსი” განსხვავებულ სიტუაციაშია. ლონდონელებმა პრემიერლიგის ბოლო 2 თამაში მოიგეს და ისინი გათამაშებას 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.

“პარი სენ ჟერმენის” სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს, რადგან ლორან ბლანის გუნდში ტრავმა ბევრ ფეხბურთელს აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებენ თუ არა გამოჯანმრთელებას ორიე, კაბაიე, ლუკას მოურა, მარკინიოსი, მატუიდი და პასტორე. “ჩელსის” მხრიდან მსგავს სიტუაციაში ოსკარი და მიკელი არიან.

  • პსჟ და “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ერთმანეთს ზედიზედ მე-2 სეზონში ხვდებიან. შარშან, ლონდონელებმა პარიზელების დამარცხება მოახერხეს;
  • პსჟ-მ, “ჩელსისთან” გამართული 4 თამაშიდან სამში გოლის გატანა ვერ მოახერხა;
  • პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მესამედ გასვლას შეეცდება;
  • პსჟ-ს, ევროტურნირებზე ჩატარებულ ბოლო 32 საშინაო შეხვედრაში წაგება არ აქვს;
  • “ჩელსიმ”, საფრანგეთში ჩატარებული 6 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
  • პსჟ-ს ცენტრალური მცველი დავიდ ლუისი 2011-2014 წლებში “ჩელსიში” თამაშობა;
  • გუნდების ამჟამინდელი დამრიგებლები ლორან ბლანი და ჟოზე მოურინიო, 1996/97 წლების სეზონში, “ბარსელონაში” ერთად მუშაობდნენ. ფრანგი ფეხბურთელი იყო, ხოლო პორტუგალიელი – მთავარი მწვრთნელის დამხმარე;
  • “ჩელსის” შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი, საფრანგეთში თამაშის დროს, ლიგა ერთის მატჩში, პსჟ-ს 9-ჯერ დაუპირისპირდა. მის აქტივში მხოლოდ 1 მოგებაა;
  • ჟოზე მოურინიოს “ინტერში” ყოფნის დროს, მასთან ერთად ამჟამად პსჟ-ში მოთამაშე ფეხბურთელები, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგუ მოტა მუშაობდნენ;
  • პსჟ-მ, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან 7 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა;
  • პსჟ-ს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული უკანასკნელი 6 საშინაო თამაში მოგებული აქვს;
  • “ჩელსიმ”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 7 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო;
  • ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ პსჟ-მ საფრანგეთის ზამთრის ჩემპიონის წოდება ვერ მოიპოვა;
  • ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პსჟ-ს საჩემპიონთალიგო განაცხადს კლემენ შანტომი გამოაკლდა, ხოლო “ჩელსისას” ხუან კუადრადო და ისაია ბრაუნი დაემატნენ, ანდრე შიურლე, მოჰამედ სალაჰი და ლიუის ბაკერი კი გამოაკლდნენ;
  • პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ჩატარებული ბოლო 8 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო და ისიც “ჩელსისთან”;
  • პსჟ-ს მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი გოლებით 70% თამაშის პირველ და ბოლო 15-წუთიან მონაკვეთზე მოდის.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ტიაგუ სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი, ვერატი, მოტა, რაბიო, ლავესი, იბრაჰიმოვიჩი, კავანი.

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა, ფაბრეგასი, მატიჩი, ვილიანი, ოსკარი, აზარი, კოსტა.

მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).

შახტარი-ბაიერნი

ლვოვში ერთმანეთს უკრაინისა და გერმანიის მოქმედი ჩემპიონები დაუპირისპირდებიან. “შახტარისა” და “ბაიერნის” წყვილს, მიუნხენური გუნდის სახით, გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. პეპ გვარდიოლას გუნდი დღევანდელ შეხვედრაშიც ფავორიტად მიიჩნევა და გასაკვირი არ იქნება, თუ გერმანელები ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედს პირველივე თამაშში გადაწყვეტენ.

გუნდები, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირზე, ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

“შახტარი” გერმანულ გუნდს მეთხუთმეტედ შეხვდება. წინა 14 თამაშში დონეცკელებს 5-5 მოგება და წაგება, ასევე 4 ფრე აქვთ. საკუთარ მოედანზე გამართული 6 დაპირისპირებიდან “შახტარმა” 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

“ბაიერნი” უკრაინულ გუნდს 10-ჯერ შეხვედრია და მიუნხენელთა მეტოქე ათივე შემთხვევაში კიევის “დინამო” იყო. “რეკორდმაისტერს” 5 მოგება, 1 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდა. გერმანელებმა, უკრაინაში, თითოჯერ მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 4-ჯერ წააგეს.

“შახტარი” დღევანდელ მატჩს სტეპანენკოსა და ბერნარდის გარეშე ხვდება. უკრაინელი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ბრაზილიელი – ტრავმირებული.

“ბაიერნი” ტრავმირებულ ხავი მარტინესს, ფილიპ ლამსა და ტიაგო ალკანტარას მოისაკლისებს. ჩაბი ალონსოს, რაფინიასა და ფრანკ რიბერის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

  • “შახტარის თავდამსხმელი ლუის ადრიანუ, 9 გატანილი გოლით, მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია;
  • მირჩა ლუჩესკუ და პეპ გვარდიოლა ერთმანეთს მეექვსედ დაუპირისპირდებიან. ესპანელმა სპეციალისტმა, “ბარსელონასთან” ერთად, ლუჩესკუს “შახტარი” 5 თამაშიდან ოთხში დაამარცხა;
  • ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, “შახტარის” საჩემპიონთალიგო განაცხადს მიკიტა კრიუკოვი გამოაკლდა. “ბაიერნმა” პეპე რეინა და ტომ შტარკე დაიმატა, ხოლო პიერ ჰოიბიერგი, ილი სალაგი და ქსერდან შაქირი მიუნხენელთა განაცხადში აღარ არიან;
  • “შახტარმა”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 8 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო;
  • “შახტარს”, ჩემპიონთა ლიგაზე, გერმანულ გუნდთან არასდროს მოუგია;
  • “შახტარს”, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ჩატარებულ ბოლო 4 თამაშში მოგება არ აქვს;
  • მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული 6 თამაშიდან “შახტარმა” მხოლოდ 2 მოიგო და ორივე ბატე-სთან. დონეცკელების მიერ გატანილი 15 გოლიდან 12 ბორისოველებთან გამართულ შეხვედრებზე მოდის;
  • თუ დღეს “შახტარმა” მეტოქის კარის აღება მოახერხა, დონეკცლებს ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლი დაუგროვდებათ;
  • “შახტარის” მიერ მიმდინარე გათამაშებაში გაშვებული 4 გოლიდან სამი 87-ე წუთის შემდეგ გავიდა;

სავარაუდო შემადგენლობები

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი, ფრედი, ფერნანდუ, კოსტა, ტეიშეირა, ტაისონი, ლუის ადრიანუ.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, რაფინია, ბენატია, ბოატენგი, ბერნატი, ალონსო, ალაბა, რობენი, მიულერი, გიოტცე, ლევანდოვსკი.

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).

0.163257