კალათბურთი

14:30 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 12 ქულა და მარცხი ოვერტაიმში

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში დრამატული მატჩი გამართა და 2 ოვერტაიმის თავზე, დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ “სენტ მერისთან” 62:69 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, ვინაიდან მატჩი გაიწელა, მიმდინარე სეზონისთვის სარეკორდო დრო ერგო. მე-2 ოვერტაიმის დასრულებამდე 1:14 წუთით ადრე, ბოლოს ანგარიში სწორედ დუდას შეტევის შემდეგ გათანაბრდა (58:58) და მან ბონუს-ჯარიმის შესრულების შანსიც მიიღო, თუმცა, ტყორცნა გაუცუდდა.

საბოლოოდ, სანაძემ მოედანზე 38 წუთი დაჰყო და გუნდს 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 3 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 7-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. ისიც ვთქვათ, რომ დუდა წინა მატჩში მიღებული ტრავმის გამო, წარბზე დადებული ნაკერებით თამაშობდა.

სან დიეგოელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ჯონი დი იყო, რომელმაც თამაში 21 ქულით დაასრულა. “ტორეროსი” 7 მოგებით და 8 მარცხით ვესთ ქოუსთის დივიზიონში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 19 თებერვალს ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტთან გამართავს.

0.124831