ფეხბურთი

13:49 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შუქურა” ბრაზილიურ კლუბთან ითანამშრომლებს

როგორც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბ “კურიტიბას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობა ქობულეთის “შუქურას” პრეზიდენტ რევაზ ჩელებაძეს შეხვდა და საქმიანი შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით, “კურიტიბას” ფეხბურთელები ევროპულ სივრცეში მოსახვედრად “შუქურაში” გააგრძელებენ კარიერას. ამ ეტაპზე კონკრეტულ ფეხბურთელებზე ღიად საუბარი არ ყოფილა, თუმცა როგორც “კურიტიბას” კონსულტანტმა პიერ ბულუსმა აღნიშნა, ბრაზილიური კლუბისთვის მნიშვნელოვანია ევროპულ კლუბებთან დაახლოება და საქმიანი ურთიერთობის დამყარება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გოჩა ალადაშვილი, რომელსაც ბრაზილიურ ფეხბურთში საქმიანობის ათ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ “კურიტიბას” მფლობელი პაულ მედინა, ვიცე-პრეზიდენტი რიკარდო გუერა და პრეზიდენტი ალვივერდე როჯერიო ბაკელარი.

“1999 წელს ბრაზილიაში ჩამოვედი, მას შემდეგ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ბევრი ადამიანი გავიცანი და ვიცნობ აქაურ გარემოს, საქართველო კი ჩემი სამშობლოა. ასე რომ, აღნიშნული შეთანხმება ჩემთვის ძალიან სასიხარულოა” – აღნიშნა გოჩა ალადაშვილმა.

“კურიტიბას” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში მცირე კომენტარი გააკეთა რევაზ ჩელებაძემ.

“პირველ ყოვლისა მსურს მადლობა გადავუხადო “კურიტიბას.” კლუბს, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. “შუქურას” მიზანი ევროპალიგის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაა, რაშიც ბრაზილიურ კლუბთან ურთიერთობა დაგვეხმარება” – აღნიშნა “შუქურას” პრეზიდენტმა.

“კურიტიბას” ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე აღნიშნული იყო, რომ 1980 წელს ჩელებაძემ საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ითამაშა.

0.111384