ფეხბურთი

10:42 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოჩოას პრემიერლიგული გამოწვევა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მექსიკის ეროვნული ნაკრების და ესპანური “მალაგას” მეკარემ გილერმო ოჩოამ ზაფხულიდან შესაძლოა კარიერა ლონდონის “არსენალში” გააგრძელოს.

“მეთოფეთა” თავკაცი არსენ ვენგერი პოლონელი გოლკიპერის ვოიცეხ შჩესნის არასტაბილური ასპარეზობით უკმაყოფილოა და მის შემცვლელს ეძებს. თავის მხრივ ლონდონური კლუბის შეთავაზებაზე მექსიკელმა უარი არ უნდა თქვას, რადგან ესპანურ გუნდში ოჩოას სათამაშო პრაქტიკა აკლია.

მიმდინარე სეზონში ოჩოას პრიმერადივიზიონის არცერთ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. მექსიკელმა მხოლოდ ესპანეთის სამეფო თასის 6 შეხვედრაში ითამაშა. ის გუნდში კარლოს კამენის შემდეგ მეორე მეკარეა.

ოჩოას შემოთავაზება ბრაზილიური “სანტოსიდან” და “ლივერპულიდანაც” აქვს. გასულ მუნდიალზე კარგად მოასპარეზე 29 წლის მეკარე დიდი ალბათობით “მალაგას” ზაფხულში დატოვებს.

2014 წლის ივლისის ბოლოს ესპანელებმა ოჩოა “აიაჩოდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს და კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე გაუფორმეს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.

0.112752