ბლოგი

10:18 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვადრადო, “ჩელსი”, მონტელა და... მორალი

ხანდახან წაიზარმაცებს ხოლმე, ზოგჯერ აფერისტიცაა, არის შემთხვევები, როცა გიჟივით იქცევა და ყველას ნერვებს უშლის, მაგრამ ისიც უდავოა, რომ კოლუმბიელი ხუან კვადრადო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოქმედი ფეხბურთელია. ამიტომაც იყო, რომ მისი გადაბირება არაერთ დიდ კლუბს სურდა.

როდესაც კვადრადო ფლორენციის “ფიორენტინაში“ გამოჩნდა, მაშინვე ყველამ აღიარა, რომ დიდი ტალანტი ჰქონდა და ევროპის ბობოლა გრანდები მასზე მალე დაიწყებდნენ ნადირობას.

მერე გავიდა დრო, კვადრადომ ორჯერ ტრავმაც მიიღო, იყო პერიოდიც, როდესაც კოლუმბიის ნაკრებშიც აღარ იწვევდნენ და გაჩნდა ეჭვები, რომ კვადრადოს მზე თანდათან ესვენებოდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ეჭვიან ხალხსა და მჩხიბავებს არ აჰყვა, ფლორენციული კლუბის ახალგაზრდა მესაჭე, ვინჩენცო მონტელა იყო, რომელმაც კოლუმბიელ ცოტა ცანცარა ბიჭს სრული ნდობა გამოუცხადა. ამის შემდეგ კვადრადოს შესაძლებლობანი უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვიხილეთ სრული ძალმოსილებით.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფლორენციულ კლუბს ძალიან გაუჭირდებოდა ასეთი მოკიაფე ვარსკვლავის შენარჩუნება. “ფიორენტინას“ საწვრთნელ ბაზასთან თანდათან დაიწყეს რუზრუზი სხვადასხვა დიდი კლუბების სკაუტებმა და მენეჯერებმა.

საუბარი იყო “ატლეტიკოზე“, “ბარსელონაზე“, “ბაიერნზე“, “არსენალზე“... საბოლოოდ მოხდა ისე, რომ კვადრადომ არჩევანი ლონდონის “ჩელსის“ სასარგებლოდ გააკეთა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელის არჩევანის შესახებ ყველაზე გვიან მონტელამ გაიგო. რატომ? თურმე ლონდონელებს კვადრადოსათვის მოუთხოვიათ, მონტელას ჩვენი მოლაპარაკებების ამბებს ჯერ ნუ ეტყვი, რადგანაც ცოტა ხუშტურებიანი კაცია და ისიც შეიძლება მოახერხოს, რომ სხვა კლუბში გადასვლა გადაგაფიქრებინოსო.

აშკარაა, რომ ეშმაკმა ინგლისელებმა კარგად იცოდნენ, რას ნიშნავდა მონტელა კვადრადოსთვის და რამხელა ავტორიტეტი იყო კოლუმბიელი ფეხბურთელისათვის ახალგაზრდა იტალიელი მწვრთნელი. სხვა თუ არაფერი, სწორედ მონტელას დამსახურებაა ხუანის ესოდენი ზრდა. ამიტომაც, ბრიტანელებმა სწორი გათვლა გააკეთეს. კვადრადო ახლა უკვე “ჩელსის“ფეხბურთელია და მონტელას კი არა, იტალიის პრემიერმინისტრსაც კი აღარ შეუძლია ამ გადაწყვეტილებაში რაიმე კორექტივები შეიტანოს.

და მორალი? დაფასება? სიკეთის დანახვა? ახლა ისეთი მორალისტური რამე-რუმეები ჩამოვთვალე, შეიძლება პრაგმატულ ხალხს სიცილადაც კი არ ეყოს, მაგრამ ჩვენ ხომ უპირველესად ადამიანები ვართ და მუდამ მოგვიწევს იმის აღიარება, რომ დაწერილი კანონების გვერდით, მორალური ღირებულებებიც არსებობს.

არ ვიცი, შესაძლებელია კვადრადო მონტელას წინაშე კიდეც გრძნობს თავს უხერხულად და ნანობს თავის შეცდომას, მაგრამ მერე ამით რა? ვინ მიაქცევს ამას ყურადღებას, როდესაც შავტუხა ხუანი “სტემფორდ ბრიჯზე“ გამოვა?

როგორც ჩანს, სწორედ ესაა ყბადაღებული “ღირებულებათა გადაფასება“, რაც ძველი თაობის ქომაგებს ასე ძალიან აწუხებთ.

0.116445