რაგბი

22:37 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ კვირიკაშვილი: “მეორე ტაიმი დამაჯერებლად ჩავატარეთ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მიმდინარე წელს მეორე ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიასთან რთულ და დაძაბულ ბრძოლაში მიაღწიეს გამარჯვებას. მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს მერაბ კვირიკაშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც მატჩში ექვსი ჯარიმა ზუსტად შეასრულა.

“ჩვენთვის მატჩამდე კარგად იყო ცნობილი, რომ პორტუგალიას ძლიერი გუნდი ჰყავს, მეტოქე გუნდის მოთამაშეები მებრძოლი ხასიათით გამოირჩევიან. თამაშის საწყისი პერიოდი არც თუ ისე დამაჯერებლად ჩავატარეთ, პირველ ტაიმში ჩვენი მხრიდან იყო შეცდომები, გვიჭირდა ჩვენი დადებითი მხარის, კომბინაციური თამაშის ჩვენება, თუმცა მეორე ტაიმში მოვახერხეთ ბურთის დაჭერა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება, რამაც განაპირობა საქართველოს ნაკრების გამარჯვება. ჩვენი თამაშით ქართველ გულშემატკივარს სიხარული მივანიჭეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია” – აღნიშნა მერაბ კვირიკაშვილმა.

“რა თქმა უნდა შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნაკრებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ზიანი არ მოუტანია, პირიქით გამოჩნდა, რომ ძლიერი მოთამაშეების რაოდენობა საკმაოდ დიდია და მათ შორის არსებულ კონკურენციას თამაშის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაც შეუძლია. დღეს ჩვენს თამაშში იყო ხარვეზები, თუმცა ხარვეზები შეცდომების გამოსწორებამ გადაფარა და გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ” – აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

მატჩის ბოლოს მუხლის ტრავმა მიიღო შალვა მამუკაშვილმა. სამწვრთნელო შტაბის პირველადი ვერსიით მამუკაშვილს შესაძლოა ჯვარედინი იოგები ჰქონდეს დაზიანებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დაზუსტდება.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემდეგ მატჩს 28 თებერვალს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მადრიდში გამართავს.

0.117388