ვახტანგ კოპალეიშვილი გარდაიცვალა... ხანმოკლეა ცხოვრება, ამ უსაყვარლესმა და ხალისიანმა, იუმორით სავსე კაცმა სულ 60 წელი იცხოვრა. მაგრამ იცხოვრაო, სწორედ მან უნდა თქვას. იმიტომ იცხოვრა, რომ ყველას შეაყვარა თავი და არა როგორც ფეხბურთელი ან მწვრთნელი, უპირველესად, როგორც ადამიანი. მასზე იყო ზედგამოჭრილი გამოთქმა: "დიდთან დიდია და პატარასთან პატარა".
ბოლოს ორიოდე თვის წინ ვესაუბრეთ, აშკარად მოტეხილი იყო და ძველი ხალისიც წართმეული ჰქონდა. მძიმე ავადმყოფობა აწუხებდა.
თაობები გაზარდა ამ ბრწყინვალე ადამიანმა. ვახტანგ კოპალეიშვილი გახლდათ ის მწვრთნელი, 1999 წელს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები (მაშინ 18-წლამდელებს ეძახდნენ, მაგრამ დღევანდელი 19-წლამდელების იდენტური იყო) ევროპის ჩემპიონატის რვაგუნდიან ფინალურ ეტაპზე რომ გაიყვანა. იქ, ფინალურ ეტაპზე ბომბარდირი ლაშა ჯაკობია არ ჰყავდა, თორემ კიდევ ბევრს გაამწარებდა. ჩვენებმა ჩეხ თანატოლთა ნაკრები გამოთიშეს ფინალურ ეტაპამდე, მაშინდელ ჩეხეთში კი თამაშობდნენ მილან ბაროში, ტომაშ როსიცკი, ზდენეკ გრიგერა...
"კოპალას ბიჭები" – ასეც ეძახდნენ იმ ნაკრებს, სადაც თამაშობდნენ ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ზურაბ ბათიაშვილი, ლევან კორღალიძე, დავით დიღმელაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი და სხვები. ფორვარდი ვალერი გაგუა კი ფინალური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მარტო შედეგი და ტაბლო ხომ არაა. კოპალეიშვილს ძალიან უყვარდა, როცა მისი გუნდები ლამაზად თამაშობდნენ, მისეულ მორგებულ სტილზე. 18-წლამდელების გასვლაზე ვთქვით და ამის გარდაც, ვახო მასწავლებელი წარმატებით მუშაობდა – ყველგან ტოვებდა თავის კვალს. და მარტო ის თაობა კი არ გაზარდა? მას შემდეგაც ბევრი. ჯაბა კანკავა, მათე ღვინიანიძე, აკაკი ხუბუტია და ბოლოს სოლომონ კვირკველიაც, რომელიც გასულ წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში მუშაობდა, იქ აფრთიანებდა ბიჭებს და მისი შვილის თამაშიც მინახავს: პატარა კოპალეიშვილი 14 წლისაა და სულაქველიძის აკადემიის 2000 წელს დაბადებულთა გუნდში ბომბარდირია. აი, ფეხბურთის სიყვარული რა არის: უკვე შეუძლოდ იყო ვახო მასწავლებელი, მაგრამ მაინც ახერხებდა და ზოგჯერ წვრთნიდა თავის გუნდს.
როგორც ფეხბურთელი, უფროს თაობას კარგად ემახსოვრება. ტანდაბალი, ტექნიკური, მშრომელი ნახევარმცველი იყო. სამტრედიაში დაბადებული ვახტანგ კოპალეიშვილი 1973-1980 წლებში თამაშობდა თბილისის დინამოში, საბჭოეთის თასი მოიგო 1976-ში, 1980 წელს კი ლანჩხუთის “გურიაში” გადავიდა და ამ გუნდის აღმასვლაში დიდი წვლილიც შეიტანა.
მთელი ცხოვრება ფეხბურთში გაატარა. თუ შეგხვდებოდათ და გიცნობდათ, ღიმილიანი სახით მოგიყვებოდათ არაერთ სახალისო ისტორიას. ჩვენ კი ერთი ვისურვოთ, რომ ვახო მასწავლებლის დარი ადამიანები ბევრნი ყოფილიყვნენ ქართულ ფეხბურთში...