კალათბურთი

15:16 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 20 ქულა 19 წუთში და მორიგი ტრავმა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. “სან დიეგოს” ქართველმა მცველმა “პასიფიქთან” მოგებულ (68:48) მატჩში 19 წუთში 20 ქულა ჩააგდო, სამწუხარო კი ის გახლდათ, რომ შუბლი დაიშავა და 7 ნაკერის დადება დასჭირდა.

“დღეს, დუდამ თავისუფლად ითამაშა და ყველაფერი გამოსდიოდა. როდესაც შესვენებაზე გავედით, მწვრთნელებს ჩემი კმაყოფილება გავანდე. ვუთხარი, როგორც იქნა, სანაძემ თავისი თამაში იპოვა-თქო და ამის კვალად, ტრავმაც მიიღო. როდესაც ის მოედანზე იყო, ქულებს გაცილებით თავისუფლად ვაგროვებდით”, - განაცხადა მატჩის შემდეგ “სან დიეგოს” მთავარმა მწვრთნელმა ბილ გრირმა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და როგორც აღვნიშნეთ, 19 წუთში 20 ქულა მიითვალა. დუდამ 5-ვე ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, მოკლედ, თითქმის უშეცდომოდ ესროლა. მის აქტივში 1 მოხსნა და დაფარებაც იყო, ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური ფოლი მიუღია.

ქართველ კალათბურთელს შედეგიანობის მხრივ მხოლოდ სან დიეგოელთა აღიარებულმა ლიდერმა ჯონი დიმ აჯობა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო, “ტორეროსმა” კი ბოლო 6 მატჩიდან მე-5 თამაში მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

“ტორეროსმა” 7 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და ვესთ ქოუსთის დივიზიონში მე-5 ადგილზე იმყოფება. სან დიეგოელები მომდევნო მატჩს 14 თებერვალს “სენტ მერისთან” ჩაატარებენ.

0.1194