იტალიელი ჩოგბურთელები პოტიტო სტარაჩე და დანიელე ბრაჩიალი აპენინელთა საჩოგბურთო ფედერაციამ 40 დღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. თუმცა, სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და წაყენებული ბრალის დადასტურების შემთხვევაში ორივე მათგანი გაცილებით უფრო მკაცრად დაისჯება.
საქმე რამდენიმე ჩაწყობილ მატჩს ეხება. სტარაჩესა და ბრაჩიალის წყვილის მატჩები გამოძიების საგანი გახდა, ისევე, როგორც სტარაჩეს მიერ მაროკოს ქალაქ კასაბლანკას ტურნირის ფინალური პაექრობა. პოტიტომ ესპანელ პაბლო ანდუხართან წააგო, თუმცა, “ბოროტი ენები” ამტკიცებენ, აპენინელი პირენელს “დაუწვაო”.
კარიერის განმავლობაში სტარაჩეს წყვილთა თანრიგში 6 ტურნირი მოუგია, 2007 წელს კი ერთეულთა რეიტინგში 27-ე ადგილზე იყო.