არგენტინელ კაცს, როდესაც სახელად დიეგო ჰქვია, მასზე უმალ ერთი ჩაპუტკუნებული, ხუჭუჭა ბიძაკაცი ახსენდებათ ხოლმე, რაც სულაც არაა გასაკვირი, რადგან იმ ჩიკორივით ჩამრგვალებულმა კაცმა არგენტინისათვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ერთ ადამიანს ზოგადად ხელეწიფება. მაგრამ, იქნება კი სულ ასე? სახელი დიეგო მარად მარადონასთან დარჩება ასოცირებული? მე თუ მკითხავთ არა!
90-იან წლებში, საქართველოში ერთ პერიოდი იაფფასიანი საფეხბურთო ჟურნალების დიდი ბუმი იდგა. ამ ჟურნალებში ფეხბურთელების ფერადი პლაკატები იდო და რაკი ეს ყველაფერი ქომაგებისათვის სასურველი სიახლე იყო, როგორც ჩანს ჟურნალებსაც მყიდველი ჰყავდა. ვის პლაკატებს დებდნენ ამ ჟურნალებში რთული გასახსენებელი არ უნდა იყოს, რადგან უმარტივესი ჭეშმარიტებაა, რომ თუ გინდა პროდუქცია კარგად გაყიდო, იგი ცნობილ ადამიანს უნდა დაუკავშირო და გზაც ხსნილი გვექნება. ამიტომაც, იმ საფეხბურთო ჟურნალებში 90-იანი წლების საუკეთესო ფეხბურთელებს ბაჯოდან-ბატისტუტამდე და კანიჯადან-შირერამდე - უხვად ნახავდით.
მაგრამ ერთხელ მოხდა ფრიად უცნაური რამ. ჯიხურში შევიძინე ერთ-ერთი ასეთი ფერადპლაკატიანი ჟურნალი და ძალიან გამიკვირდა, როდესაც პლაკატიდან არა ფაუსტინიო ასპრილია ან მაიკლ ოუენი, არამედ დიეგო პაბლო სიმეონეს სიფათი შემომცქეროდა. არგენტინის ნაკრების ქომაგებისათვისაც კი, მაშინ სიმეონე ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა, ჯაჯგურა ნახევარმცველი იყო, რომელიც პირველ ყოვლისა თავისი მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდა, მაგრამ მაშინ, როდესაც იგივე არგენტინის ნაკრებში ჯერ ისევ თამაშობდა ლეგენდარული აბელ ბალბო და ფრთებს შლიდა გაბრიელ ბატისტუტა, დიეგო სიმეონეს ჟურნალის პლაკატზე ხილვა მოულოდნელი იყო.
ამის შემდეგ ალბათ ყველას (განსაკუთრებით კი არგენტინისა და ინგლისის ნაკრებთა ქომაგებს) დაამახსოვრდებოდა სიმეონეს სახელი, როდესაც ამ უკანასკნელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისელ დევიდ ბექჰემთან უხეშობითა და სიმულაციით “გამოიჩინა“ თავი, მაგრამ ეს საფეხბურთო ეპიზოდიც დროთა მდინარებამ წაიღო და შესაძლებელია მეხსიერებიდან საერთოდაც გამქრალიყო, დიეგო სიმეონეს მწვრთნელობა რომ არ გადაეწყვიტა. მწვრთნელი სიმეონე - ეს სულ სხვა განზომილებაა!
ერთხელ დოსტოევსკიმ თქვა, სიდიადის მთელი ბრწყინვალება თავმდაბლობაშიაო და ასე მგონია, დიეგო სიმეონეზე თქვა ეს სიტყვები. ამ კაცმა დიდი შრომით, მუდმივი სწავლითა და რაც მთავარია უსაზღვრო სამწვრთელო ნიჭით მოახერხა იმდენი, რომ თავის თავზე შეყვარებულ ჟოზე მოურინიოსაც კი ათქმევინა: სიმეონეს გადაწყვეტილებების სიღრმეების ბოლომდე ჩაწვდომა ძალიან მიჭირსო. დიდმა ლუის ვან გაალმა კი ამ ახალგაზრდა არგენტინელ მწვრთნელს “მომავალი ლუის მენოტი“ უწოდა და ამ ყველაფრის მიუხედავად, სიმეონეს არც ქება ავარდნია თავში და ზოგიერთისგან განსხვავებით, არც ბღენძვა დაუწყია - მე ვარ რაც ვარო.
გასულ შაბათს სიმეონეს გაწვრთნილმა მადრიდის “ატლეტიკომ“ თანაქალაქელ “რეალს“ ისეთი დღე აყარა, ყოვლისმხილველ ჰეროდოტე ჰალიკარნაელსაც კი გაუჭირდებოდა ამ მატჩის ბატალიების აღწერა. მატჩს დასრულების შემდეგ კი, სიმეონემ მხოლოდ ის თქვა, რომ ბედნიერია “რეალთან“ გამარჯვებით, მაგრამ ის გამარჯვება მთლიანობაში მხოლოდ ერთი, სამქულიანი გამარჯვება იყო და სხვა არაფერი. სიმეონემ შარშან “ატლეტიკოს“ ქომაგთა მრავალწლიანი ოცნება აასრულა და ესპანეთის ჩემპიონის მედლები ჩაიხუტა, მაგრამ არც ამ ჩემპიონობის შემდეგ დაუწყია ტრაბახი და თავის ქება.
აი, ამიტომაც გვაქვს იმის თქმის უფლება, რომ დიეგო სიმეონე ჭეშმარიტად დიდი კაცია და შესაძლებელია სულ მალე დადგეს დრო, როდესაც სახელი დიეგო არგენტინაში მხოლოდ მარადონას აღარ გაგვახსენებს. დიეგო სიმეონე ამას ნამდვილად იმსახურებს!