გიორგი ალავერდაშვილი თითქმის სამი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა პოლონურ ზაბჟეს “გურნიკში”, რამდენიმე ამხანაგური მატჩიც ჩაატარა და პოლონურ პრესაში იწერებოდა, რომ “გურნიკის” მწვრთნელ რობერტ ვარჟიხას ქართველი მოსწონდა. თუმცა “გურნიკი” ახალი ფეხბურთელების დამატებას ვერ ახერხებს, რადგან ვალები აქვს.
"ალავერდაშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა კლუბში ფული არაა და ახალი ფეხბურთელების დამატება არ შეგვიძლია. ქართველს განსაკუთრებული ფინანსური მოთხოვნები არ ჰქონია, მაგრამ ამ ეტაპზე თანხის უქონლობის გამო ვერაფერს ვახერხებთ" - უთხრა ვარჟიხამ პოლონურ Sportowe fakty-ს.
დრო კი გადის. ფეხბურთელმა გვითხრა, რომ აგენტმა სხვა პოლონური კლუბის ვარიანტი შესთავაზა და ორ დღეში სწორედ ამ გუნდს შეუერთდება. ეს კლუბი ასევე ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) წარმომადგენელია: ბიდგოშის “ზავიშა”, რომელიც ბოლო ადგილზეა ჩემპიონატში.