გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში თურქულ შეკრებაზე, ახალწვეულებსა და კიდევ ერთ სავარაუდო ტრანსფერზე ისაუბრა.
- “დილამ” თურქული შეკრება დაასრულა, როგორ მოემზადა გუნდი?
- შესანიშნავი შეკრება გამოგვივიდა. თორმეტი დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით სასტუმროში, სადაც სამ საუკეთესო საფეხბურთო მოედანზე ვემზადებოდით. გუნდის გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთში ვიმყოფებოდი, რათა არსებული პირობები ჩემი თვალით მენახა. შევარჩიე სასტუმრო და მოედნები, სადაც გუნდი სათანადოდ მოემზადებოდა. იდეალური კვება, იდეალური მომსახურება და კარგი აღდგენითი საშუალებები იყო. საერთო ჯამში, გუნდი მეორე წრისთვის ძალიან კარგ პირობებში მოემზადა.
- შეკრებაზე ოთხი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეთ და ორი ფრის შემდეგ ორი გამარჯვება მოიპოვეთ. მატჩებს როგორ შეაფასებთ?
- პირველ ყოვლისა ვიტყვი, რომ ოთხივე მატჩი ურთულესი იყო, რადგან ფეხბურთელები დიდი დატვირთვის ქვეშ იყვნენ. მინდა პირველი და ბოლო შეხვედრები გამოვყო.
პოლონეთის “იაგიელონიასთან”, რომელიც გამართულ და კარგ ფეხბურთს თამაშობს, ლოგიკურ შედეგს მივაღწიეთ. მეორე და მესამე შეხვედრები დიდი დატვირთვების ფონზე ჩავატარეთ და ეს თამაშის ხარისხზეც აისახა.
რაც შეეხება დასკვნით სპარინგმატჩს, მისთვის ეროვნულ ჩემპიონატში ჩასატარებელი შეხვედრების დარად მოვემზადეთ, რა დროსაც დატვირთვები შედარებით ნაკლები იყო, თამაშის ხარისხი კი, გაცილებით მაღალი. ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა რუმინულ კლუბზე. მას კარგი ფეხბურთელები ჰყავს, კარგი პირობები და ბიუჯეტი აქვს. ამ ფონზე ჩვენი გამარჯვება ორმაგად სასიხარულო გახლდათ.
- გუნდს ალან ბაგაევი და სლავკო მარიჩი შეუერთდნენ. მათ შესახებ რას იტყვით?
- ალან ბაგაევი რუსეთის პრემიერლიგაში ასპარეზობდა. ის ასაკით ახალგაზრდაა, მაგრამ გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს. ფიზიკურად ძლიერია და ტექნიკურადაც კარგად გამოიყურება. ამ ეტაპზე სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრებში თავი კარგად წარმოაჩინა. კმაყოფილი ვარ როგორც მე, ასევე კლუბის ხელმძღვანელობა და ჩემი გადაწყვეტილებით ეს ფეხბურთელი გორის “დილაში” ითამაშებს.
რაც შეეხება სლავკო მარიჩს, იგი სერბია. მას სერბეთის ჩემპიონატში მატჩების საკმაო რაოდენობა უთამაშია. ასევე საბერძნეთის ჩემპიონატში გამოდიოდა. უდიდესი გამოცდილების მქონე და ტექნიკური ფეხბურთელია. ძალიან კარგად შეუძლია სტანდარტების შესრულება და ფიზიკურად კარგად გამოიყურება. ჩემი აზრით, ბაგაევისა და მარიჩის სახით გორის “დილამ” კარგი შევსება მიიღო.
- გუნდთან ერთად შეკრებაზე ირაკლი ძარია იმყოფებოდა. ის მოედანზე როდის დაბრუნდება?
- ისეთი ფეხბურთელის დამატება, როგორიც ირაკლი ძარიაა, მახარებს, რადგან ძალიან გამოცდილია. უნიჭიერესი ფეხბურთელია და ამიტომ, საქართველოს ნაკრების წევრია. ირაკლი წლების განმავლობაში წამყვან კლუბებში “ზესტაფონსა” და თბილისის “დინამოში” ასპარეზობდა. ამ კლუბებში საქართველოს ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, ორჯერ “ზესტაფონისა” და ორჯერ თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში. ჩემი აზრით, ის გორის “დილასთვის” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენია. სრული დატვირთვით ვარჯიშს მალე დაიწყებს.
- გუნდის დაკომპლექტება დასრულებულია, თუ სეზონის განახლებამდე კიდევ უნდა ველოდოთ ვინმეს გამოჩენას?
- ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ის თავდამსხმელია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მის ვინაობას ვერ დავასახელებ, რადგან მოლაპარაკება არ დასრულებულა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მისი შეძენის საკითხი 90 პროცენტით გადაწყვეტილია. მისი პოტენციალის მჯერა. იგი ახალგაზრდა და საკმაოდ ნიჭიერი თავდამსხმელია.
- “დილას” გულშემატკივარი მეორე წრეს მოუთმენლად ელის. მათ რას ეტყვით?
- მინდა გულშემატკივარმა იცოდეს, რომ ჩვენი მოლოდინიც დიდია. მათთვის ვთამაშობთ და ჩვენი მიზანია, რომ თითოეული ფეხბურთელი მინდორზე მაქსიმალურად დაიხარჯოს და გულშემატკივარს მადლობა ლამაზი თამაშით გადაუხადოს.
მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის თითოეულ წევრს, კლუბის ხელმძღვანელობას ამ ნაყოფიერი შეკრებისთვის და ერთიანობისთვის, რომელიც მათ ამ ხნის განმავლობაში გამოიჩინეს.
თითოეული ჩვენთაგანი სრული პასუხისმგებლობით მივუდგებით საქმეს და მჯერა, რომ წარმატებაც არ დააყოვნებს. გვსურს, რომ ქალაქ გორს და ჩვენს გულშემატკივრებს სიხარული მოვუტანოთ.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გორის მერს ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილს და მხარის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს, მათ შეძლეს დაეფინანსებინათ კლუბი, რათა „დილას“ მეორე წრის წინ არანაირი პრობლემა არ შექმნოდა და სრულფასოვნად მომზადებულიყო.
fcdila.ge