ფეხბურთი

11:29 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავასა და “ანჟის” საგა დასრულდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა გია გრიგალავამ და მახაჩყალის “ანჟიმ” შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს. ამის შესახებ მახაჩყალელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

“კლუბი გაგგებით მოეკიდა არცთუ იოლ ვითარებას, რომელშიც ბოლო პერიოდში გია გრიგალავა აღმოჩნდა. როგორც “ანჟის” ხელმძღვანელს, ადამიანურად მესმის მოთამაშის ზოგიერთი ემოციური გამონათქვამი, რომლებიც მასმედიაში გავრცელდა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ როგორც პროფესიონალები ვშორდებით და ყოველთვის მზად ვართ გიას რეპუტაციის დაცვაში დავეხმაროთ” – განაცხადა “ანჟის” გენერალურმა დირექტორმა სერგეი კორაბლიოვმა.

გრიგალავა “ანჟიში” 2013-2014 წლების სეზონის დასაწყისში გადავიდა და განვლილ პერიოდში 25 წლის ფეხბურთელმა 29 მატჩი ჩაატარა.

ბოლო დღეებია გრიგალავასა და “ანჟის” შორის ურთიერთობა დაიძაბა. მახაჩყალურმა კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა. თავის მხრივ გრიგალავამ განაცხადა, რომ ეს ბრალდება მოგონილია, რადგან მახაჩყალელებს მასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურთ. საბოლოოდ, კლუბი და ფეხბურთელი ერთმანეთს დაშორდნენ.

0.120696