მსოფლიო რეიტინგსიის ყოფილმა პირველმა ნომერმა, 62 წლის ამერიკელმა ჯიმი კონორსმა ასევე ვეტერან აარონ კრიკშტეინთან საგამოფენო მატჩი ჩაატარა. ამ 2 ჩოგბურთელს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. 1991 წელს კონორსი და კრიკშტეინი ერთმანეთს აშშ-ის ღია პირველობაზე შეხვდნენ. მეხუთე, გადამწყვეტ სეტში ჯიმი 2:5-ს მარცხდებოდა, თუმცა საბოლოოდ მოგება მაინც მოახერხა და ნახევარფინალამდეც გააღწია. იმ დღიდან მოყოლებული, კონორსი და კრიკშტეინი ერთმანეთში უბრად იყვნენ და არათუ საუბრობდნენ, სალამსაც არ აძლევდნენ ერთურთს.
და აი, 23 წლიანი ქიშპობის შემდეგ კონორსი და კრიკშტეინი შერიგდნენ და იმ მატჩის “რემეიქი” ჩაატარეს. კრიკშტეინმა რევანშის აღება მოახერხა და ერთსეტიან ორთაბრძოლაში კონორსი 8:5 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ ჯიმი კონორსმა განაცხადა, მაყურებლის თანდასწრებით ბოლოჯერ ვიასპარეზეო. 62 წლის ჯიმის ჯანმრთელობის პრობლემები მიეძალა – სადიდსლემო ტურნირების რვაგზის ჩემპიონს შარშან თეძოზე 3 ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს.