ფეხბურთი

19:47 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შუქურას” ექსმწვრთნელი: “კლუბის პრეზიდენტთან საფუძვლიანი და სერიოზული საუბრის მერე, წასვლა გადავწყვიტე”

ქობულეთის “შუქურას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა ინტერნეტპორტალ football.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თანამდებობა კლუბის პრეზიდენტ რეზო ჩელებაძესთან სერიოზული საუბრის მერე დატოვა.

-ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “შუქურა” დატოვეთ. რატომ? ჩვენთვის როგორც ცნობილია, ადგილობრივი პრესა და ქართული ფეხბურთის სპეციალისტები პოზიტიურად გახასიათებდნენ. ჩემპიონატში ერთ თვეში 7 ქულა დააგროვეთ, ხოლო თასზე თბილისის “დინამოსთან” ღირსეულად იბრძოლეთ...

- ეს უკვე მომხდარი ფაქტია. ვერ ვიტყვი, რომ მოულოდნელი იყო, რადგან ეს გადაწყვეტილება კლუბში მუშაობის პერიოდში თანდათან მომწიფდა. მე სისტემური მწვრთნელი ვარ და კლუბში საფეხბურთო სტრუქტურის აწყობას ვაპირებდი – ბავშვთა საფეხბურთო სკოლიდან დაწყებული პირველი გუნდით დამთავრებული. მსურდა მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის მომზადების ერთიანი სისტემა მესწავლებინა, რომ ისინი ჩემპიონატში კონკურენციისთვის მზად ყოფილიყვნენ. მუშაობის პროცესში უამრავი პრობლემა იქმნებოდა. ბოლოს და ბოლოს ანთალიაში შეკრებაზე მივხდი, რომ ხელმძღვანელობა მხარს არ მიჭერს და განვითარება არ სურს. კლუბის პრეზიდენტთან საფუძვლიანი და სერიოზული საუბრის მერე, წასვლა გადავწყვიტე. ასე რომ, სიტუაცია მომწიფებული იყო და მხოლოდ გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.

- ქართულ კლუბთან განშორების შემდეგ, განვლილ პერიოდს როგორ აფასებთ?

- საქართველოში მუშაობის პერიოდს ერთმნიშვნელოვნად დადებითად ვაფასებ. ქართული საკლუბო ფეხბურთი შიგნიდან შევისწავლე. მეგობრები შევიძინე, გამოცდილება მივიღე. ჩემი იდეები პრაქტიკაში განვახორციელე, ფეხბურთელები უფრო ძლიერები გახდნენ, ხოლო გუნდი ორგანიზებული და განსწავლული. “შუქურა” პროვინციული ახალგაზრდული გუნდია, რომლის მთავარი პრიორიტეტი კლუბის, ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალგაზრდა მოთამაშეების აღზრდაა. განვითარების პერსპექტივა ხელმძღვანელობის სურვილზეა დამოკიდებული. თუ პროგრესი სურთ, კლუბის ყველა რგოლში სამუშაოდ კომპეტენტურ სპეციალისტებს მიიწვევენ.

- საქართველოს ჩემპიონატზე რას იტყვით? უკრაინულთან შედარებით რა დონისაა – მოთამაშეების დონით და კლუბების ინფრასტრუქტურით?

- სპორტული ბრძოლის მხრივ საქართველოს ჩემპიონატი ძალიან საინტერესოა. გუნდებს დაახლოებით ერთნაირი სათამაშო კლასი აქვთ. თითოეულ გუნდს ნებისმიერ მეტოქესთან მოგება ან წაგება შეუძლია, რაც პირველი წრის მერე სატურნირო ცხრილში აისახა. გამონაკლისი თბილისის “დინამო” და “სამტრედიაა”. მათ სერიოზული ბიუჯეტი აქვთ, ინფრასტრუტურა განვითარებულია და მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. რაც შეეხება უკრაინულ ფეხბურთთან შედარებას, საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობა კლასითა და საფეხბურთო მეურნეობით, უკრაინის პირველი ლიგისას შეესაბამება. ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

- ბოლო პერიოდში საქართველოში უკრაინელი ლეგიონერები მომრავლდნენ. იგივე ბოინდარენკოს, დრევალს და ტროიანოვსკის ქართველი მოთამაშეების ფონზე როგორ შეაფასებდით?

- უკრაინელი მოთამაშეები პოსტსაბჭოურ სივრცეში ყოველთვის “კარგ საქონლად” ითვლებიან, რადგან ფიზიკურად ძლიერები არიან და კარგი საფეხბურთო “განათლება” აქვთ. თუ ჩვენს მოთამაშეებს საზღვარგარეთ იწვევენ, ეს მათ კვალიფიკაციასა და კლასზე მეტყველებს. ამასთანავე, ამჟამად უკრაინაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია, ჩვენი მოთამაშეებისა და მწვრთნელების მასობრივ მიგრაციას ხელს უწყობს.

- საქართველოში კიდევ ერთი უკრაინელი სპეციალისტი ვლადიმირ ლობასი მუშაობს (მარტვილის “მერანში”, რედ.). მისი კლუბის პერსპექტივები როგორია? მას შეხვედრიხართ? რა იცით ლობასის გამოცდილების შესახებ?

- ერთმანეთს შევხვედრივართ და გვისაუბრია. კარგი სპეციალისტია, რომელიც საქართველოში ხარისხიანად მუშაობს. მისი გუნდის შედეგები და თამაში ლობასის პროფესიონალიზმის საუცხოო კატალიზატორია.

- საქართველოში არცთუ ბევრ უკრაინელს უმუშავია. გასახსენებელია პოროშინის წარმატებული პერიოდი ქუთაისის “ტორპედოში”, ასევე, პისკოვეცის, ორდინსკისა და ნაკონეჩნის - “გაგრაში”. იქ ჩვენს მოთამაშეებსა და მწვრთნელებს როგორ ეპყრობიან? უკრაინულ ფეხბურთს იცნობენ?

- საქართველო სტუმართმოყვარე მხარეა, სადაც ყოველთვის სიხარულით მიგიღებენ. ხალხს უკრაინელები ძალიან უყვართ და მხარს გვიჭერენ. უკრაინულ ფეხბურთს აფასებენ და როგორც მწვრთნელებს, ასევე მოთამაშეებს პატივს სცემენ.

0.121317