ოფი-ს შემტევი ნახევარმცველის გიორგი მერებაშვილის მიერ “ერგოტელისის” კარში გატანილი გოლი, საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგის 23-ე ტურში საუკეთესოდ დაასახელეს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sporfm.gr-ი იუწყება.
განვლილ ტურში ოფი სტუმრად “ერგოტელისთან” 2:3 დამარცხდა. 68-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:3 იყო, მერებაშვილმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, ცრუ მოძრაობით 3 მცველს გასცდა და “ცაციათი” გაიტანა.
გამოკითხვაში მისმა გოლმა ხმათა 57,64 პროცენტი დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ “ერგოტელისის” ფორვარდ ვლადიმირ დილასს ხმა გამოკითხულთა 27,26 პროცენტმა მისცა.
მიმდინარე სეზონში 28 წლის ქართველმა 14 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. მიმდინარე სეზონში მისი გოლი საუკეთესო მეორედ დაასახელეს.