ჩოგბურთი

1:17 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა როტერდამის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გააღწია

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 600 855 ევრო) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

კვალიფიკაციის საწყის რაუნდში ბასილაშვილი ფრანგ ნიკოლა მაჰუს გაეჯიბრა და 4:6, 4:6 დამარცხდა. ამ უკანასკნელმა შემდეგ გერმანელ მიხაელ ბერერსაც აჯობა და ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც პირველ ნომრად განთესილ ბრიტანელ ენდი მარეის ეთამაშება.

ცნობისთვის, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილმა 5 ადგილით წაიწია და 310 ქულით 164-ე პოზიციაზე იმყოფება. მის გარდა, კლასიფიკაციაში ალექსანდრე მეტრეველი (547-ე), გიორგი ცივაძე (870), გიორგი ჯავახიშვილი (1220), ალექსანდრე ბაკში (1427) და ირაკლი მეტრეველიც (1722) მოხვდნენ.

ახალი რეტინგი გამოაქვეყნა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამაც, რომელშიც 8 ქართველი ფიგურირებს: 206 (208). სოფო შაფათავა – 234 ქულა; 320 (323). ეკატერინე გორგოძე – 111; 387 (390). სოფო ქვაცაბაია – 82; 531 (528). ოქსანა კალაშნიკოვა – 45; 694 (693). მარიამ ბოლქვაძე – 23; 902 (901). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 12; 1112 (1106). თამარ კუტუბიძე – 5; 1206 (1199). თამარ ჭალაგანიძე – 3;

მიმდინარე კვირაში ჭალაგანიძე ისევ ტუნისურ ელ კანტაუიში იმყოფებოდა, მაგრამ 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა ვერც ამჯერად მოახერხა. კვალიფიკაციის პირველ წრეში თამარმა ჩეხ ნიკოლა ნოიმანოვას 6:0, 6:1 კი სძლია, თუმცა, ჰოლანდიელ ერიკა ვოგელსანგს კი ვეღარ გაუმკლავდა – 1:6, 1:6.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი ეკატერინე გორგოძე. მისი პირველი მეტოქე იტალიელი ჯიორჯია პინტო იქნება. რაც შეეხება მე-6 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაიას, ის კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – იაპონელ ჩიჰირო ტაკაიამას გაეჯიბრება.

წყვილთა შეჯიბრში მხოლოდ გორგოძე ითამაშებს. ის და რუსი ვიკტორია კანი მე-3 ნომრად არიან განთესილნი და ძალებს ავსტრიულ-ბულგარულ დუეტთან (შუპერი-ვანგელოვა) მოსინჯავენ.

0.120925