ფორვარდ ალექსეი საპოგოვს, რომელსაც გია გრიგალავასთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში” უთამაშია, არ სჯერა, რომ ქართველი მცველი აკრძალულ ნივთიერებებს ხმარობდა.
“ვფიქრობ, რომ გრიგალავას მიმართ წაყენებული ბრალდება საფეხბურთო კლუბ “ანჟის” მორიგი ტყუილია. ეს ზეწოლის მცდელობაა ფეხბურთელზე, რომელიც სრულიად სამართლიანად თავის ინტერესს იცავს. გიასთან ერთად ერთი წელი ვთამაშობდი და მინდა ვთქვა, რომ მსგავსი პროფესიონალი ცხოვრებაში არ შემხვედრია. დაბადების დღეებზეც კი, როდესაც მთელი გუნდი იკრიბებოდა, თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევდა. მე ყოველთვის ვეუბნებოდი: “შენ ხომ ქართველი ხარ, ღვინოს რატომ არ სვამ?”. ის მპასუხობდა: “მე პროფესიონალი ვარ” – განაცხადა საპოგოვმა ინტერნეტპორტალ championat.com-თან ინტერვიუში.
ამავე ინტერნეტპორტალთან პერმის “ამკარის” მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა, რომელსაც თავის დროზე “ანჟიში” გრიგალავასთან უმუშავია, ასეთი კომენტარი გააკეთა:
“ამ შემთხვევაში ზუსტად ვერფერს გეტყვით, მაგრამ ერთად როდესაც ვმუშაობდით, დიდი ალბათობით მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. “დიდი ალბათობით” იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაზე ყველაფერს ვერ გაიგებ, თუნდაც მის გვერდით იყო. იყო შემთხვევები, რომ ბიჭები “ერთობოდნენ?” იყო. ჩემი მწვრთნელობისას გრიგალავას ასეთი პრობლემა არ ჰქონია. თუმცა, ადამიანის მდგომარეობა ცვალებადია. ის სხვადასხვა გარემოებებზეა დამოკიდებული. როდესაც საჭირო ხარ და თამაშობ, ეს ერთი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა და სულიერად გაწონასწორებს. როდესაც დუბლებში ვარჯიშობ და პერსპექტივას ვერ ხედავ, მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს”.