კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში “ანორთოსისმა” საკუთარ მოედანზე “ნეა სალამინა” მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს, მეორე დამატებით წუთზე გაიტანეს. გოლის ავტორი კვიპროსის ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი კონსტანტინოს ლაიფისია.
სტუმართა შორის სრულად ითამაშა გიორგი პაპავამ, მასპინძელთა შორის კი მთელი სათამაშო დრო დაეთმო ირაკლი მაისურაძეს. 90-ე წუთზე მოედანზე გიორგი აბურჯანია გამოჩნდა, რომელმაც პორტუგალიელი გონსალვესი შეცვალა.
“ომონიამ” ბოლოადგილოსანი “აია ნაპა”გასვლით მატჩში 3:1 დაამარცხა. ქართველი მცველი უჩა ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა. “ომონია” მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ “აპოლონს” 7 ქულით ჩამორჩება.
პორტუგალიის ჩემპიონატში “ჟილ ვისენტემ” სტუმრად “მარიტიმო” დაამარცხა და ბოლო ადგილს თავი დააღწია. გამარჯვებულთა განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა ავთანდილ ებრალიძე, ქართველ შემტევს ტრავმა აწუხებს.
თურქეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი დათმო შოთა არველაძის “ქასიმფაშამ.” ქართველი მწვრთნელის გუნდი ამჯერად “მერსინთან” გასვლით მატჩში 2:6 დამარცხდა და ათეულს მიღმა დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.
ბელგიის “პრო ლიგაში” ალექს მაკლიშის “გენკი” საშინაო შეხვედრაში “ვასლანდ-ბევერენს” დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. “გენკის” განაცხადში მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი მოხვდა, რომელიც მოედანზე 62-ე წუთზე გორიუსის ნაცვლად გამოჩნდა. მატჩის ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე მილინკოვიჩმა გაიტანა.