კალათბურთი

0:58 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ასპროცენტიანი შერმადინი

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში წარმატებული ტური ჰქონდა გიორგი შერმადინის “კანტუს”, რომელმაც “დოლომიტი ენერჯია ტრენტო” 110:84 გაანადგურა და სატურნირო ცხრილშიც სწორედ ამ გუნდს გადაასწრო.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. შერმადინმა მოედანზე 17 წუთი დაჰყო და 12 ქულა, 1 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

გიორგიმ 5-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო ანუ 100%-იანი სიზუსტით ესროლა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მეტოქეები კი მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

კანტუელებმა 9-9 მოგება-წაგება მოაგროვეს და სერია ა-ში მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს. 15 თებერვალს შერმადინის გუნდი “ბოლონიას” ესტუმრება.

იტალიის რანგით მე-3 ლიგაში გიგა ჯანელიძის “როზეტო” ერთ-ერთ ლიდერ “ტრევილიოს” ესტუმრა და მოულოდნელი გამარჯვება იზეიმა – 85:90. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 17 წუთში 6 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. გიგამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

როზეტოელებს 9 მოგება და 12 მარცხი აქვთ და სერია ა2 სილვერში მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

0.12961