მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ და “ხიმკიმ” ვთბ-ლიგის ეგიდით დრამატული მატჩი გამართეს, რომელშიც ქართველი კალათბურთელის გუნდი 104:107 დამარცხდა.
ზედ საფინალო სირენის წინ გადამწყვეტი სამქულიანი ხიმკელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ტაირიზ რაისმა ჩააგდო, რომელმაც მარკოიშვილის მეურვეობა არად ჩააგდო და შვიდიოდე მეტრიდან სასწაული ტყორცნა განახორციელა.
მანუჩარი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:40 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მოსკოველთა რიგებში საუკეთესონი სერბი მილოშ ტეოდოსიჩი (29 ქულა, 9 პასი) და ფრანგი ნანდო დე კოლო (25 ქულა) იყვნენ, ხიმკელთაგან კი რაისის (18 ქულა) გარდა, 22-22 ქულით პეტერი კოპონენი და პოლ დევისი გამოირჩნენ.
ვთბ-ლიგაში 15 მოგებით და 2 წაგებით პირველ ადგილზე სწორედ ხიმკიმ გადაინაცვლა, ხოლო ცსკა-ს 16 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს და მე-2 პოზიციაზეა.