სხვა

16:02 | 8.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთის ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

თბილისში დასრულდა წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის პირველი ციკლი. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა: იოვან პოპოვიჩის გუნდმა პორტუგალიისა და შვეიცარიის ნაკრებები დაამარცხა, პირველადგილოსან სლოვაკეთთან კი დამარცხდა.

ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიის გუნდს დაუპირისპირდა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მატჩი პრინციპული იყო, ვინაიდან გუნდებს თანაბარი რაოდენობის ქულები ჰქონდათ - ქართველებმა სლოვაკეთთან წააგეს, ხოლო შვეიცარიას სძლიეს. ანალოგიურ ვითარებაში იყო პორტუგალიის გუნდიც.

დასაწყისიდანვე დიდ უპირატესობას ქართველები ფლობდნენ და ასე გაგრძელდა ბოლომდე. პორტუგალიის გუნდი პირველ ტაიმში ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა, მათ შესვენებამდე 2 გოლი გაიტანეს, ხოლო შესვენების შემდეგ მხოლოდ ერთი.

პირველი ტაიმი იოვან პოპოვიჩის გუნდმა 11:2 მოიგო, მეორე ნახევარი კი 10:1. ქართველი წყალბურთელების უპირატესობა როგორც გუშინდელ, შვეიცარიასთან მატჩში, ასევე დღევანდელ პორტუგალიის ნაკრებთან დაპირისპირებისას აშკარა იყო.

დღევანდელ მატჩს არც თუ ისე ბევრი გულშემატკივარი დაესწრო. მათმა რაოდენობამ პირველი ტურის შემდეგ თანდათან იკლო, დღეს “ოლიმპიკის” ტრიბუნებზე ცარიელი ადგილები მრავლად იყო.

მატჩის შემდეგომ საქართველოს ნაკრების წევრებს გიორგი ხვედელიანსა და ხვიჩა ჯახაიას გავესაუბრეთ.

“კმაყოფილი ვარ შედეგით, დღევანდელი გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ 70 პროცენტით ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ.” – აღნიშნა ხვედელიანმა.

“დღევანდელი გამარჯვების მიუხედავად, ჯგუფურ ტურნირში უკეთესი ადგილის დაკავებაც შეიძლებოდა, თუმცა ეს შედეგი დამაკმაყოფილებელია” – განაცხადა ხვიჩა ჯახაიამ.

საქართველო – პორტუგალია 21:3 (11:2)

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე, ცრეპულია, ელეზი, იმნაიშვილი, ჯელაკა, ხვედელიანი, ბაღათურია, რურუა, გეგელაშვილი, ჯახაია, ბითაძე, სტრუჯიჩი

პორტუგალია: ტეიშეირა, ლეიტე, კოშტა, ფერეირა, რამოსე, სოუზა, ლოპესი, კარდოსო, მორეირა, სოუზა, სეკრიერუ, პარატი, აპარიკო

0.216432