“გაგრას” მცველი გიორგი ჯგერენაია ამჯერად კიევის “დინამოს” დუბლშემადგენლობაში გადის შემოწმებას. ინფორმაცია უკრაინული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
“დინამო 2” 7 თებერვალს ტესტ-მატჩში კიევ-სვიატოშინის რაიონის გუნდ “ჩაიკას” დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და მოედანი 67-ე წუთზე დატოვა.
ჯგერენაია აქამდე ზაპოროჟიეს “მეტალურგშიც” ისინჯებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მან გუნდი დატოვა.
ახალგაზრდა მცველმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი საქართველოს პირველლიგელ “გაგრაში” გაატარა. ჯგერენაია 2012/13 წლებში მარიუპოლის “ილიჩევიცის” დუბლშემადგენლობაში ასპარეზობდა, 2013/14 წლების პირველი ნახევარი კი უკრაინის პირველი ლიგის გუნდ “მიკოლაევში” გაატარა.