პორტუგალიის ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ “ატლეტიკოსთან” წაგებული პრიმერადივიზიონის 22-ე ტურის მატჩის შემდეგ (0:4) განაცხადა, რომ სამეფო კლუბი “როხიბლანკოზე” ძლიერია.
“რეალი” “ატლეტიკოზე” ძლიერი გუნდია. ამას მომავალ მატჩებში დავამტკიცებთ და ვფიქრობ, პრიმერადივიზიონს მოვიგებთ. აღნიშნულ შეხვედრაში აბსოლუტურად ვერაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ახლა გასული საღამოს დავიწყება გვჭირდება. გუნდში ყველაფერი ნორმალურადაა, შეცდომები დავუშვით, სამი ქულა დავკარგეთ და მეტი არაფერი.” – განაცხადა მადეირელმა ფეხბურთელმა.
მიუხედავად მარცხისა, “რეალი” ლა ლიგის სათავეშია. “ატლეტიკოს” ამ გამარჯვებით 50 ქულა დაუგროვდა და თანაქალაქელ გუნდს 4 ქულით ჩამორჩება. 50 ქულა დაუგროვდა "ბარსელონასაც" და მარაგში დღევანდელი თამაში აქვს ბილბაოში. მომდევნო ტურში სამეფო გუნდი შინ “დეპორტივოს” მიიღებს, ხოლო “როხიბლანკო” სტუმრად “სელტასთან” გაარკვევს უპირატესობას.